პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი - ქართველების გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გსურთ, წავიდეს თქვენი ქვეყანა

11.04.24 13:15


საქართველოს ჰყავს აქტიური და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება. თქვენ ხართ აქტივი, რომელზეც ყველა დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა იზრუნოს და რომლისგანაც სარგებელი მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას უწევს მოქმედება მზარდად რთულ გარემოში, ვხედავთ ნდობის მზარდ ნაკლებობას და დაპირისპირების მზარდ დონეს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რომელსაც თან ახლავს აგრესიული რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ. გასულ კვირას ჩვენ ასევე ვიხილეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაბრუნება, რომელიც, როგორც ყველას გვახსოვს, შარშან უპირობოდ გაიწვიეს. ამაზე ევროკავშირმა სწრაფი რეაგირება მოახდინა. მეორე დღესვე, უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა ამ კანონპროექტის შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.

 

მისივე თქმით, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გარემოს შექმნა და შენარჩუნება ისევე, როგორც მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია და ეს ასევე გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის.

 

მან საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

„შარშან, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ პირობით, რომ ევროკომისიის ნოემბრის რეკომენდაციებში განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები შესრულდებოდა - 9 ნაბიჯი. მე-9 ნაბიჯი ითვალისწინებს, საქართველოს უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავისუფლად იმოქმედოს. ნაბიჯი პირველი მოუწოდებს საქართველოს ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და ჩვენი ღირებულებების შესახებ. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, შეასრულებს თავის ვალდებულებებს ხელი შეუწყოს დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს. დრო იწურება, თუ საქართველოს სურს, ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლოს. ევროკომისია შემოდგომაზე კვლავ წარადგენს ანგარიშს საქართველოს შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც გაიცემა რეკომენდაცია, დაიწყოს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ ჩვენი კარი ღიაა საქართველოსთვის, მაგრამ საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს საჭირო რეფორმების განხორციელებით. 5 თვე უკვე გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 9 ნაბიჯის სახით ძალიან ნათლად განსაზღვრა, რა რეფორმები უნდა განახორციელოს საქართველომ“, - აღნიშნა ელჩმა.

 

მისი თქმით, ქართველების გადასაწყვეტია რა მიმართულებით სურთ, მათი ქვეყანა წავიდეს.

 

„თქვენი, ყველა ქართველის გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გსურთ, წავიდეს თქვენი ქვეყანა. იმედი მაქვს, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები განახორციელებენ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან შესაბამისობაშია. ამ მიზანს, როგორც ყველამ იცის, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმეტესობა უჭერს მხარს. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, ევროკავშირი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, ხელი შეგიწყოთ, ექსპერტებით უზრუნველგყოთ იმისთვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს და წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მაგრამ გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. კარი ღიაა, მაგრამ თქვენ უნდა შეხვიდეთ ამ კარში, არა დესტრუქციულობით, საჭირო რეფორმებზე ფოკუსირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები