პოლიტიკა

პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველთა კანდიდატებთან შეხვედრები გამართა

21.05.24 13:20


პრეზიდენტმა შეხვედრები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მსურველთა იმ კანდიდატებთან გამართა, რომელიც კომისიამ შეარჩია.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი სებ-ის საბჭოს წევრის ოთხი ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად ახალ კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე პროცესს განაგრძობს, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

 

ამ მიზნით, პრეზიდენტმა 16 მაისს შეხვედრები გამართა შესარჩევი კომისიის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 5 კანდიდატთან.

 

“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება უმნიშვნელოვანესია ეროვნული ბანკის სრულფასოვანი ფუნქციონირების, მისი დამოუკიდებლობისა და რეპუტაციის შენარჩუნებისათვის. ამასთანავე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ევროკავშირის 9 დათქმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოსული 28 განაცხადიდან კანდიდატთა შერჩევის უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, კანდიდატთა შესარჩევი კომისია შეიქმნა.

 

10 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, საქმიანობის პერიოდში, კომისიამ საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების დამუშავების, მათთან გასაუბრების მიზნით რამდენიმე სხდომა გამართა.

 

2024 წლის 26 აპრილს, შესარჩევმა კომისიამ დაასრულა მუშაობა და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგინა 5 კანდიდატი, რომლებმაც შერჩევის პროცესში მოიპოვეს კომისიის ყველა წევრის მხარდაჭერა. შესაბამისად, შეირჩნენ კომისიის სრული კონსენსუსით. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით, 2 აპლიკანტთან მიმართებით აცილება გააკეთა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს პარლამენტს შესარჩევ კომისიაში პარლამენტის წარმომადგენლის ნომინირებასთან დაკავშირებით, თუმცა პარლამენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები