ეკონომიკა

„დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის ამბიციების შესაკავებლად“

12.12.16 21:35


რეფორმები ემსახურება არა მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მიზანს, არამედ საქართველოს ახალ სახელმწიფოდ გარდაქმნის და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზანსაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანულ გამოცემა Zeit Online-თან ინტერვიუში აცხადებს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ეს პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მიზანი.

„რეფორმები ემსახურება არა მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების მიზანს, არამედ საქართველოს ახალ სახელმწიფოდ გარდაქმნის და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზანსაც.

ეს პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მიზანი. ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს თავდაცვის სტრუქტურას. უსაფრთხოება არის საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. ამასთანავე, დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის ამბიციების შესაკავებლად“, -აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ჟურნალისტი კითხვით მიმართავს პრემიერს, მისი აზრით, რა ამბიციები ამოძრავებს რუსეთს რეგიონში.

„საქართველოს რთული ისტორია აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან, თუმცა, თავად კონფლიქტის უკან დგას რუსეთის უზარმაზარი გავლენა. ბოლო კვირების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავხდით მოწმენი, თუ როგორ გაფორმდა სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებები, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის… ხორციელდება ამ რეგიონების მზარდი ინტეგრაცია რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო სისტემებში.რუსეთის მცდელობები ამ ორი რეგიონის შემოერთებასთან დაკავშირებით მრავალფეროვანია და მოიცავს ბევრ პროვოკაციას.

მაშინ, როცა ჩვენ ვცდილობთ ტემპერატურის დაწევას და ვერიდებით მტრულ და აგრესიულ რიტორიკას, რუსი პოლიტიკოსების მხრიდან, სამწუხაროდ, არ არის შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები. მიუხედავად ამისა, ჩვენ დაუღალავად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ისახავს მიზნად რუსეთისთვის დამუქრებას. ჩვენ გვსურს რუსეთთან ვითანამშრომლოთ და ვერ ვხედავთ ვერავითარ წინააღმდეგობას, ამავდროულად, დასავლეთისკენ გზაზე სვლა რომ განვაგრძოთ“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის ქმედებების ერთი-ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ტერიტორიული მთლიანობის გარეშე საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი. ის კითხვით მიმართავს პრემიერს – უკეთესი ხომ არ იქნებოდა უბრალოდ უარი ეთქვა საქართველოს ნატოს წევრობაზე?

გიორგი კვირიკაშვილი საპასუხოდ აცხადებს, რომ ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პრემიერი გამორიცხავს ამ მიზნის სამხედრო გზით მიღწევას.

„ნატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. პირველ რიგში, ჩვენი გაწევრიანების მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხეთ ამ მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მდგომარეობს ნდობის ხარისხის ამაღლებაში ერთის მხრივ ქართველებს, ხოლო მეორეს მხრივ აფხაზებსა და ოსებს შორის. ნატოს წევრობას კი ამასთან არაფერი აქვს საერთო. ნატოსთან თანამშრომლობის მიზანი მხოლოდ სამხედრო მფარველობის მოპოვება არ არის.

აქ საუბარია ღირებულებებზე! დემოკრატიულ ინსტიტუტებზე! აქ საუბარია ამა თუ იმ ბანაკის წევრობაზე. საქართველომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება: ჩვენ გვინდა ევროპული და ტრანსატლანტიკური ბანაკის წევრობა. ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს შეესაბამება. გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია ერთგულება. საქართველო საკუთარ თავს მიიჩნევს ევროკავშირის, ნატოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში. ეს ერთგულება ეფუძნება ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ ახლო ურთიერთობების დამყარებას აღმოსავლეთის ქვეყნებთან: ჩინეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ირანთან.

ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ევროპელებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაში“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები