საზოგადოება

კასპიის ზღვაზე შტორმმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ვაგონების დაგროვება გამოიწვია

12.12.16 22:05


კასპიის ზღვაზე შტორმისა და ძლიერი ქარის გამო, საქართველოდან აზერბაიჯანის გავლით, შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით, სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვები დიდი შეფერხებებით ხორციელდება, იუწყებიან სააქციო საზოგადოებაში „საქართველოს რკინიგზა“.

მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის შემდეგ, დღემდე, უამინდობის გამო, საბორნე გადასასვლელს არ უმუშავია 16 დღე-ღამის განმავლობაში, რამაც თავისთავად გამოიწვია როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს რკინიგზაზე დიდი რაოდენობით საბორნე ვაგონების დაგროვება. 7 დეკემბრის მდგომარეობით, ორივე რკინიგზაზე შეჩერებულია ათასზე მეტი ვაგონი. სარკინიგზო პარკის გადატვირთვის მიზეზით, აზერბაიჯანის რკინიგზა შეფერხებით იღებს საქართველოს რკინიგზიდან შუა აზიის დანიშნულებით მიმავალ ვაგონებს, რამაც თავისთავად გამოიწვია საქართველოს რკინიგზაზე დიდი რაოდენობით ვაგონების დაგროვება. მიუხედავად ამისა, საქართველოს რკინიგზაზე შუა აზიის მომართულებით ვაგონების დატვირთვა გრძელდება.

„საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტი ყოველდღიურად, ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს აზერბაიჯანის რკინიგზის შესაბამის სამსახურებთან, შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვების ნორმალური რითმის სწრაფი აღდგენის მიზნით, აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

ტვირთების გაგზავნა და ტრანზიტულად გატარება ხორციელდება აზერბაიჯანის რკინიგზისა და კასპიის ზღვაზე სარკინიგზო საბორნე გადასასვლელების მეშვეობით. აზერბაიჯანიდან საბორნე გადასასვლელების საშუალებით ტვირთის გაგზავნა ხორციელდება აქტაუს (ყაზახეთი) და თურქმენბაშის (თურქმენეთი) პორტების მიმართულებით, რასაც 12 სარკინიგზო ბორანი ემსახურება, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრე 484 ვაგონია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები