საზოგადოება

სახელმწიფო ცენტრალური სისხლის დაწესებულების შექმნის საკითხებზე მუშაობს

25.06.24 13:08


ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტზე იმსჯელა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

 

კანონში ცვლილება სისხლის გადასხმის დაწესებულების, ან სისხლის ბანკის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დარეგისტრირების კანონით განსაზღვრული ვადის გახანგრძლივებას ეხება.

 

მომხსენებლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, კანონის მოქმედი რედაქციის გარდამავალი დებულების მიხედვით, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად ფუნქციონირებს, ვალდებულია 2024 წლის 1 ივლისამდე დარეგისტრირდეს კანონით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. ცვლილების თანახმად კი, აღნიშნული ვადის გადაწევა 2024 წლის 1 დეკემბრამდე ხდება.


როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში შესაბამისი ლიცენზიის მქონე 24 დაწესებულება მოქმედებს, რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით მხოლოდ სამი ფუნქციონირებს, ხოლო სამ მათგანთან დაკავშირებით ლიცენზიის განახლების მოთხოვნით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

 

„იმისათვის, რომ დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების ეტაპზე უსაფრთხო სისხლისა და სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფის პროცესს ხელი არ შეეშალოს, საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით რეგისტრაციის კანონით დადგენილი ვადის გადავადება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ცენტრალური სისხლის დაწესებულების შექმნისა და ჩამოყალიბების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებზე უკვე მუშაობს.კანონპროექტს პარლამენტი გამარტივებული წესით იხილავს.

 

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ზაზა ლომინაძე, ვლადიმერ კახაძე, დიმიტრი ხუნდაძე და ზაალ მიქელაძე.

 

 

bpn.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები