საზოგადოება

დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში სახლები დაანგრია

14.12.16 20:30


მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობა მოსახლეობას უკვე რამდენიმე დღეა პრობლემებს უქმნის. დიდთოვლობის გამო ხულოში უსახლკაროდ დარჩა ორი ოჯახი, იუწყება ტელეკომპანია "იმედი".

თოვლის სიმძიმის გამო მთლიანად დაინგრა მელაძეების სახლი. ჭერი ჩამოინგრა ჯაყელების სახლშიც. საბედნიეროდ, ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ამ დროს ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ. ისინი ნათესავებთან აფარებდნენ თავს.

უსახლკაროდ დარჩენილები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. მათ ხელთ აქვთ გეოლოგიური დასკვნები, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. იმის გამო, რომ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნდათ, ამ დრომდე სახლებს ვერ ტოვებდნენ.

"სახლი იყო ავარიულ მდგომარეობაში… მთავრობა გვპირდებოდა, რომ დაგვაკმაყოფილებდნენ, ახლა მოვითხოვთ საცხოვრებელ ფართს“, – განაცხადა დაზარალებულმა ზაზა მელაძემ. ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ მათთვის ცნობილია, ისინი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პასუხს ელოდებიან, სადაც შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები უკვე გადააგზავნეს. მეწყერსაშიშროებაა შუახევსა და ქედაშიც. შუახევში ნგრევის საშიშროების გამო ერთი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გახიზნეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები