ეკონომიკა

USAID-ი ანაკლიასა და განმუხურში 5 წლიან მასშტაბურ პროექტს იწყებს

16.12.16 20:35


სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი, ლევან შონია, GEM fest-ის, USAID-ის, ფერმერთა ასოციაციის და საქართველოში მოქმედ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც GEM fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი ბრაიან კინგი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობები განიხილეს. მხარეებმა რეგიონში ტურიზმის განვითარების დამატებითი რეკომენდაციები, ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები დასახეს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ – USAID ახორციელებს პროექტს – „ზრდა საქართველოში“, რომელიც აქტიურად არის ჩართული ანაკლია-განმუხურის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და თანამშრომლობს GEM fest-თან. პროექტი 5 წლიანია და მიზნად ისახავს რეგიონში კვალიფიციური კადრების გადამზადებას და მათთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას, რომლის მიზანია, რეგიონში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, განსაკუთრებით კი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

GEM fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუას განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ტურისტული კომპანიების დაინტერესება ხელს შეუწყობს ფესტივალის განვითარებას.

GEM fest – 2017 14 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში, ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე გაშენდება კარვების ქალაქი, რომელიც 20 000 ადამიანზე იქნება გათვლილი, ასევე მოეწყობა 8 სცენა, სადაც 500-ზე მეტი არტისტი წარსდგება მაყურებლების წინაშე.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები