პოლიტიკა

ეროვნული გვარდია 26 წლის იუბილეს აღნიშნავს

20.12.16 19:25


საქარველოს ეროვნული გვარდია 26 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას და ვეტერან გვარდიელებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

ცერემონიას გენერალური შტავის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიის დასაწყისში პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

”მინდა გულითადად მოგილოცოთ იუბილე. ეროვნული გვარდია ყველაზე მეტად ასახავს საქართველოს უახლეს ისტორიას. ეს ისტორია მოიცავს ძმებს შორის დაპირისპირებას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანიობისთვის ბრძოლას როგორც სამაჩაბლოში ისე აფხაზეთში და რასაკვიურველია რუსეთ-საქართველოს ომსაც. ყველა ამ ეტაპზე გვარდიამ საქართველოს დაცვისთვის ღირსეული სიტყვა თქვა. მინდა დიდი პატივისცემა, მოკრძალება და მადლიერება გამოვხატო თქვენს წინაშე და ყველა იმ ადამიანის წინაშე ვინც მთელი ეს ისტორია თქვენთან ერთად განვლო. ბატონი გენშტაბის უფროსიც თავის მოღვაწეობას სწორედ გვარდიის ფარგლებში იწყებდა. ეროვნული გვარდიის სარდლის საუკეთესო წლებიც გვარდიის ჩამოყალიბების სათავეებს უკავშირდება. ამ ადამიანებთან ერთად მინდა მადლიერებით ავღნიშნო ის ცოცხალი გმირები, რომლებიც დღესაც ღირსეულად აგრძელებენ სამშობლოსთვის სამსახურს. მე ერთ გვარს დავასახელებ, ბატონ გია ყარყარაშვილს, რომელმაც ბევრი გააკეთა ქვეყისა და ჩვენი ღირსების დასაცავად. თქვენთან ერთად იმ ადამიანების სახელებიც მინდა მოვიხსენიო, რომლებმაც სამაგალითო თავგანწირვა გვიჩვენეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ჩვენ ყველანი ამ ისტორიის მონაწილეები ვართ, რადგან ეს ისტორია ჩვენს წინ იქმნებოდა. ჩვენ ყველას გვაქვს მოგონების, გახსენების და პატივისცემის განსაკუთრებული ემოცია და ეს გრძნობა ღირსეულად უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ეროვნული გვარდიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ლევან იზორიას განცხადებით, გვარდია უნდა იყოს იმ მოთხოვნების ადეკვატური რა მოთხოვნებსაც საერთაშორისო საზოგადოება უყენებს მას. „ისტორია მხოლოდ წარსულს არ უკავშირდება.

ისტორია იქმნება თქვენთან ერთად დღესაც. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები იმ ფუნქციების შესასრულებლად რაც განსაკუთრებით და ძირითადად რეზერვის მომზადებას და გადამზადებას უკავშირდება. ჩვენი კონცეფციის თანახმად არა მხოლოდ პროფესიული არმიით გვინდა შემოვიფარგლოთ, არამედ წვევამდელთა სისტემა და რასაკვირველია ძლიერი რეზერვის სისტემითაც უნდა განვსაზღვროთ. ჩვენ ვართ მცირე ერი დიდი საფრთხეების წინაშე. ჩვენ ვიზიარებთ სხვა მცირე ერების გამოცდილებებს, რომლებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს ეროვნული გვარდიის სარდალს. ახლო მომავალში ვაპირებ ესტონეთში და სკანდინავიურ ქვეყნებში ვიზიტს. ეს ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საზოგადოების ფართო ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის საქმეში. რეზერვი იქნება ეგრეთ წოდებული ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ქვაკუთხედი და ჩვენ ყველანაირ პირობას შევქმნით შემდეგი წლების განმავლობაში იმისთვის, რათა გვყავდეს ღირსეული რეზერვი თქვენი ხელმძღვანელობით და მომზადებით. მინდა იმ რეფორმებს, იმ ოპტიმიზაციის გეგმებს სწორედ იმ ინტერესით შეხედოთ რა ინტერესიც სწორედ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და თითოეული თქვენთაგანის განვითარებას უკავშირდება. ჩვენთან ერთად ამისთვის მოწადინებულია გენშტაბის უფროსი და ეროვნული გვარდიის სარდალი. თითოეულ მათგანს ექნება ჩემგან მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა ამ მიზნებს ღირსეულად მივაღწიოთ,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა რადგან 26 წლის წინ სწორედ ეროვნული გვარდიის რიგებში გავწევრიანდი. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო გვარდიელების გვერდზე მსახური. სხვა სამხედრო შენაერთებისგან განსხვავებით 26 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ ყველაზე მძიმე და რთული გზა გაიარა. ეს იყო დრო როდესაც შეიარაღებული ძალები ახლად ყალიბდებოდა და საქართველოს რესპუბლიკაც ახალ ჩამოყალიბებული იყო.

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ 4 ომი გამოიარა და ყოველ ომში გვარდიას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაეცა ბრძოლის ველზე და პირველ რიგში დღევანდელი დღე მინდა დაღუპულთა ოჯახებს მივულოცო. გვარდია ყოველთვის იყო პიონერი შეიარაღებულ ძალებში და სწორედ თქვენს ბაზაზე დაფუძნდა თანამედროვე საქართველოს შეიარაღებული ძალები. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე და წარმატებები გისურვოთ მომავალში,“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ტალახაძემ მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ მიიღო. ეროვნული გვარდიის უფროსის ბრძანებით კი 39 გვარდიელს მადლობა გამოეცხადა.
ცერემონიის დასასრულს ეროვული გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებისას 650-ზე მეტი გვარდიელი დაიღუპა.საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფო შიდა გვარდიებთან, ლიტვის ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და ურკაინის ეროვნულ გვარდიებთან. 2015 წლიდან კი ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეული აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები