საზოგადოება

დავით სერგეენკო: ვფიქრობ, ეს მრისხანე სეგმენტი – სააფთიაქო ნარკომანია საბოლოოდ იქნება დაძლეული

22.12.16 20:25


მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო ვაჭრობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას და აფთიაქების ხელმძღვანელების დაკავებას გამოეხმაურა. სერგეენკომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მადლობა გადაუხადა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებების შედეგად, სააფთიაქო ნარკომანია საბოლოოდ იქნება დაძლეული.

„გამოიკვეთა გარკვეული თაღლითური სქემა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო გარკვეული პერიოდულობით ატარებდა მონიტორინგს და დარღვევის შემთხვევაში, უწერდა მათ ჯარიმას, ეს ადამიანები ჯარიმას არ იხდიდნენ, იგივე მისამართზე, იმავე ქონებას არეგისტრირებდნენ უკვე თავისი ნდობით აღჭურვილ ადამიანებზე, როგორც სხვა შპს-ს და აგრძელებდნენ ამ საქმიანობას. შედეგი იყო ის, რომ სააფთიაქო ნარკომანიის ეს სეგმენტი – ტაბლეტირებული ფორმა – გახდა ძალიან დიდი საფრთხე ჩვენი ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა, მათი ამ არაკეთილსინდისიერი და თაღლითური სქემების გამო, სახელმწიფოს 4 639 234 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა პროცესი დასრულებული არ არის და გრძელდება.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ეფექტური ქმედება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. ეს მართლაც საქვეყნო რისკი იყო და ვფიქრობ, ამ გადადგმული ნაბიჯებით ეს მრისხანე სეგმენტი – სააფთიაქო ნარკომანია საბოლოოდ იქნება დაძლეული“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, რომ უწყების მიერ დაკავებულია ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი პირი, ხოლო ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25 წევრი, ბრალდებულის სახით, მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები