ეკონომიკა

“ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი – ჩვენი თავისუფლება და ამაში ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებას, ადამიანის უფლებებს”

29.12.16 16:45


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება 2016 წელს გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა 2017 წელსაც გაგრძელდება.

„ჩვენ ამ წლის ბოლო მთავრობის სხდომას ვატარებთ და მინდა, მოკლედ შევაჯამო გასული წელი, თავისი მნიშვნელოვანი მოვლენებით, მიღწევებით და გამოწვევებით.

2016 წელი იყო, უპირველეს ყოვლისა, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების წელი, რომელიც „ქართული ოცნების” გამარჯვებით დასრულდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების ჩატარების წესში, კულტურაში. ვფიქრობთ, ძალიან მისასალმებელია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნა ის, რომ საქართველოში ჩატარდა გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები კონკურენტულ გარემოში. ეს ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.

ლოგიკურია რომ არჩევნებზე ჩვენ ახალი და კონკრეტული გეგმით წარვდექით ხალხის წინაშე.

ჩვენი სლოგანი იყო – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”, რაც რეალურად აჩვენებს ჩვენ მიერ არჩეულ მთავარ ხაზს. ჩვენ დავიბრუნეთ უმთავრესი – ჩვენი თავისუფლება და ამაში ვგულისხმობ ამ სიტყვის ყველაზე უფრო ფართო გაგებას, ადამიანის უფლებებს. პროგრესი, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს, აღნიშნულია არაერთი საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ. შესაბამისად, მთელი ჩვენი ენერგია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იყო ადამიანის გადარჩენაზე ორიენტირებული.
ჩვენ გვქონდა კონკრეტული გამოწვევები, 2012 წლიდან მოყოლებული და ვინაიდან ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე იყო დასაყენებელი, ჩვენ დავიწყეთ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანზე ზრუნვა. დღეს უკვე, 2016 წელს, ჩვენ გამოვაცხადეთ განვითარების ახალი ეტაპი და წარმოვადგინეთ სწრაფი განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელმაც საბოლოო ჯამში, ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები, მათი ოჯახები კეთილდღეობამდე უნდა მიიყვანოს. ეს პროცესი 2016 წელს დაიწყო, მაგრამ ჩვენი პროგრამის ძირითადი ნაწილის განხორციელება 2017-დან დაიწყება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, აირჩიო არა მარტივი, მაგრამ მე ვიტყოდი ერთადერთი სწორი გზა, სწრაფი განვითარების მისაღწევად.

ჩვენ წარმოვადგინეთ 4-პუნქტიანი გეგმის ყველა მიმართულების კონკრეტული ხედვა.

შემუშავებულია განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შედეგად, ჩვენ დავასრულებთ ქვეყანაში უმუშევართა „წარმოებას” და დავნერგავთ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომას, რაც საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით, პროფესიული განათლების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად, სასწავლებელი და დამსაქმებელი ერთდროულად განახორციელებენ სასწავლო პროგრამებს“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამასთანავე, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის შეფასებისას, ყურადღება განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზეც გაამახვილა . მთავრობის მეთაურმა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას რევოლუციური პროექტი უწოდა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ საქართველო ვაქციოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების ცენტრად რეგიონში.

„რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ეს სისტემა იქნება ეკონომიკის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ორიენტირებული, იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს უმაღლესდამთავრებულ უმუშევართა რიცხვი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ფუნდამენტური მეცნიერებებისა და საბუნებისმეტყველო დისციპლინების და ამ მიმართულებით მეცნიერების განვითარებას.

2016 წელს დაიწყო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის რევოლუციური პროექტი, რომლის განხორციელებაც ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველო ვაქციოთ თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების ცენტრად რეგიონში. 2016 წელი ასევე გარდამტეხი იყო, ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების დაწყების მიმართულებით. ქუთაისის გარდა, დაიწყო ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობა თბილისში, შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ზუგდიდში, ფაბლაბები, დაფინანსდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური „სტარტაპები” და ეს პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ამასთან, დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენს ხალხს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ მაღალსიჩქარიანი ხელმისაწვდომი ინტერნეტით. შეიქმნა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრი, რაც მოგვცემს საშუალებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყანაში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები