ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი: სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეიქმნა 154 ახალი და გაფართოვდა 700 საწარმო

29.12.16 18:15


სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეიქმნა 154 ახალი და გაფართოვდა 700 საწარმო; აქედან, მხოლოდ 2016 წელს, გაიხსნა 21 ახალი საწარმო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა ეს სახელმწიფო პროექტი საზოგადოებაში სამეწარმეო სულისკვეთების ჩამოყალიბებას ემსახურება და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აზროვნების ტრანსფორმირების თვალსაზრისით, რომ ისინი გახდნენ მეწარმეები და შექმნან ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა„ რთველი 2016“ – ის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, ასევე გაზრდილია მაჩვენებლები ღვინის ექსპორტის კუთხით.

„2016 – წელს გადამუშავდა 115 ათას ტონაზე მეტი ყურძენი, რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა იმ კუთხით, რომ 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო მოსახლეობამ. ეს არის მხოლოდ კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ასევე უნდა აღინიშნოს გაზრდილი მაჩვენებლები ღვინის ექსპორტის კუთხით. მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 46 მილიონამდე ბოთლი ღვინო.

ეს არის 40%-იანი მატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. თანხობრივ მაჩვენებლებში ეს დაახლოებით 105 მლნ აშშ დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. საპროცენტო ზრდებში განსხვავება გამოწვეულია ფასების კლებით საექსპორტო ბაზარზე და როგორც კი მოხდება ბუნებრივი საექსპორტო ბაზრების რეაბილიტირება, რა თქმა უნდა ეს აისახება უკვე თანხობრივ მაჩვენებლებშიც ანალოგიურად საპროცენტო ზრდის პარალელურად“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისვე თქმით, 2016 წელი წარმატებული იყო ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული პროექტების მიმართულებითაც.

„დასრულდა პროგრამა „სინათლე ყველა სოფელს”, რომლის ფარგლებში ელექტროენერგია უკვე მიეწოდება 30 უშუქო სოფელს. აშენდა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, ექსპლუატაციაში შევიდა კიდევ 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური“, -განაცხადა პრემიერმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები