მსოფლიო

აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

30.12.16 18:00


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, 30 დეკემბრიდან, რუსეთს, კიბერშეტევების გამო, ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

„შავ სიაში“ ექვსი ფიზიკური პირი, ხუთი უწყება და ორგანიზაციაა შეყვანილი. ესენია რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამსახურის უფროსი იგორ კორობკოვი, ასევე უწყების მაღალჩინოსნები იგორ კოსტიუხოვი, ვლადიმერ ალექსეევი და სერგეი გიზუნოვი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და მთავარი სადაზვერვო სამსახური ასევე სანქციებშია მითითებული. მათ გარდა, აქ ჩამოთვლილია „სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრი“, „ცორ სექიურითი“, „მონაცემთა დამუშავების სისტემის დიზაინერების პროფესიული ასოციაცია“.

ფიზიკურ პირებს შორის, რომლებიც სანქციებში მოხვდნენ, ალექსეი ბელანი და ევგენი ბოგაჩევიც არიან. ბელანი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ 2013 წელს ძებნილი ჰაკერების ხუთეულში შედიოდა. მასზე ინფორმაციისთვის 100 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდოა დაწესებული. 2013 წელს მან სამ უმსხვილეს ინტერნეტ მაღაზიის ქსელში შეაღწია და იქიდან მილიონობით მომხმარებლის მონაცემები მოიპარა. შემდეგ კი ინტერნეტის მეშვეობით მონაცემები გაყიდა.

ევგენი ბოგაჩევის შესახებ ინფორმაციისთვის აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 2015 წელს 3 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. ის კომპიუტერების გლობალური დავირუსების ქსელის შექმნაშია ეჭვმიტანილი, რამაც აშშ-ის ბიზნესს და მის მოქალაქეებს მრავალმილიონიანი ზიანი მიაყენა. ზარალმა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი შეადგინა.

სანქციები ქონების დაყადაღებას და აშშ-ში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში 29 დეკემბრიდან შევიდა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები