საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს 84 წლისა შესრულდა

04.01.17 16:00


1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის ოჯახში დაიბადა ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი.

ისტორიული ცნობებით, ღუდუშაურები სახელოვანი ვაჟკაცები ყოფილან. განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩეოდა ვინმე შიოლა ღუდუშაური, რომლის ზოგ პირდაპირ შთამომავალს, მისი სახელის უკვდავსაყოფად, გვარად შიოლაშვილი მიუღია.

სწორედ შიოლა ღუდუშაურის შთამომავალია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

მშობლებმა სამი დღის ყრმა ქრისტეშობის დღეს მონათლეს და მეფე ერეკლეს პატივსაცემად, ირაკლი დაარქვეს. გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა.

გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი ასე იხსენებს ამ დროს:

1957 წლის 16 აპრილს, სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა, ორი დღის შემდეგ კი, 18 აპრილს, სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად.

1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. ჯერ კიდევ აკადემიაში სწავლის დროს, მეოთხე კურსზე, მღვდელმონაზონმა ილიამ დაწერა საკანდიდატო შრომა „ათონის ივერიის მონასტრის ისტორია“, რისთვისაც მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველი ხარისხის დიპლომით დამთავრების შემდეგ, აკადემიურმა საბჭომ მღვდელმონაზონ ილიას, როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესოს, საპროფესორო სტიპენდიანტად დარჩენა შესთავაზა, მაგრამ უწმინდესისა და უნეტარესის, ეფრემ II —ისკურთხევა სხვაგვარი იყო: მღვდელმონაზონ ილიას სამშობლოში უნდა დაეწყო მოღვაწეობა. ამიტომ მან უარი თქვა საპატიო კარიერაზე, სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად გამწესდა.

1960 წლის 19 დეკემბერს იგი აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ხუთი სემინარია, მრავალი ტაძარი და მონასტერი დაიხურა, უწმიდესმა და უნეტარესმა ეფრემ II საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა მოახერხა, რომელსაც, მეტი სიფრთხილისათვის, „საღვთისმეტყველო კურსები“ დაარქვეს. სწორედ ამ „საღვთისმეტყველო კურსების“ პირველ დირექტორად დაინიშნა არქიმანდრიტი ილია. 1963 წლის 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ და საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. აჭარაში შვიდი წლის მოღვაწეობის შემდეგ, პარტიარქის ლოცვა-კურთხევით, 1967 წელს იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. ამავდროულად იგი მოღვაწეობდა ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადების სფეროში, იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი 1963 წლიდან 1972 წლამდე. 1972 წელს ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება, ხოლო 1975 წელს —უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა. 1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: ღვთის განგებით, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

ეკლესიას იმ დროს, შეიძლება ითქვას, მრევლი არც ჰყავდა. თვით პატრიარქის წირვა-ლოცვას ათიოდე კაცი ესწრებოდა. და, აი, მოხდა საოცრება: სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარიც და მისი ეზოც ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლებითა და ახალგაზრდებით გაივსო.

ეკლესიისადმი ასეთი თანაგრძნობა კომუნისტური რეჟიმის დროს პირველი იყო. როგორც ჩანს, ხალხმა იგრძნო, რომ საქართველოს ცხოვრებაში რაღაც ახალი, ძალზე მნიშვნელოვანი იწყებოდა…



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები