საზოგადოება

შსს-მ ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

04.01.17 18:05


სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, ოთხი პირი: 1975 წელს დაბადებული ვ.ა., 1975 წელს დაბადებული გ.ს., 1983 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1991 წელს დაბადებული ტ.თ. დააკავეს, ხოლო 1982 წელს დაბადებული გ.მ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შპს „ნპ საქართველო“ და შპს „მოტორ ლაინ ქომფანი“ დააფუძნეს და ერთ-ერთ ვებგვერდზე რეკლამა განათავსეს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მოქალაქეთათვის სასურველი ავტომანქანები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად ჩამოჰყავდათ.

ბრალდებულები მოქალაქეებთან ყალბ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, რის თანახმადაც, მათ მითითებული ავტომობილები ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში უნდა ჩამოეყვანათ, ხოლო მოქალაქეებს თანხები შესაბამის ანგარიშებზე ავტომანქანების ჩამოსვლამდე, წინასწარ უნდა ჩაერიცხათ. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 115 300 აშშ დოლარს და 1900 ევროს. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის — გ.მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 7200 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების კუთვნილი კომპანიების ოფისებიდან სხვადასხვა დოკუმენტაცია და კომპიუტერები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები