საზოგადოება

საქართველოსა და ინდოეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შედგა

11.01.17 21:45


საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ,,საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების” ტექსტზე მოლაპარაკებები გაიმართა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდგომ, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც ქართულ მხარეს ინდოეთის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს, კერძოდ, ისეთ ქალაქებში როგორიცაა – დელი, მუმბაი, გოა, ჩენაი, ჰაიდერაბადი, ბენგალურუ. აღნიშნულ მომენტამდე კი რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ დელის მიმართულებით იყო შესაძლებელი. მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება საწყის ეტაპზე თითოეული მხრიდან კვირაში 21 სიხშირით ფრენაზე, აქამდე მოქმედი მემორანდუმის შესაბამისად ქვეყნებს შორის ფრენების განხორციელება მხოლოდ 4 სიხშირით იყო შესაძლებელი.

აღნიშნულ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა 2016 წლის 10 ნოემბერს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის გაჯაპათ რაჯუს სამუშაო ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმში ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების კუთხით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების გამართვა უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა.

მხარეებს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების უახლოეს მომავალში გაფორმება საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიაფრენების დასაწყებად სამართლებრივ საფუძველს შექმნის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

ასევე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესწავლის მიზნით, ინდოეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ტურისტულ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები