საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროს I ბრიგადის ასეული ავღანეთში გაემგაზვრა

12.01.17 18:10


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს I ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ გაემგზავრა.

ასეული საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გააცილეს. I ბრიგადის ასეული ავღანეთში II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს. გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა, მაიორ მიხეილ მეზვრიშვილის მეთაურობით, შვიდი თვის განმავლობაში ავღანეთში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს საერთაშორისო მისიას.

„გაძლიერებული ასეული ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში საერთაშორისო მისიის შესასრულებლად გავაცილეთ. ასეულმა ხუთი თვის განმავლობაში საუკეთესო წვრთნები გაიარა გერმანიაში და სწორედ გერმანიის სარდლობის დაქვემდებარებაში განახორციელებს მისიას. მე უკვე ორჯერ ვესტუმრე მაზარ-ი-შარიფს და გერმანელი გენერლებისგან ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინე იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ჩვენი სამხედროები ადგილზე ეწევიან. დარწმუნებული ვარ, მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში აღნიშნული ასეულის მოღვაწეობა სწორედ იმ სამხედრო ტრადიციების და პროფესიონალიზმის განმტკიცება და გაგრძელება იქნება, რასაც ჩვენი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო მისიის ფარგლებში ასრულებენ და ამ მხრივ ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მაღალ დონეზე ვართ შეფასებულები“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა საჭიროების შემთხვევაში მოკავშირე და ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერა და სწრაფი რეაგირება იქნება.

„მინდა, გზა დავულოცო ჩვენს სამხედროებს და წარმატება ვუსურვო. მათ მეტად მნიშვნელოვანი მისიის შესრულება მოუწევთ მაზარ-ი-შარიფში. ისინი გერმანული კონტინგენტის შემადგენლობაში იქნებიან და მათი ამოცანა იქნება სწრაფი რეაგირება. ჩვენმა ქვედანაყოფმა სულ ახლახანს თავი ისახელა აღნიშნული ამოცანის შესრულებისას, როდესაც მათ გერმანიის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თავდასხმისგან უსაფრთხოდ გამოიყვანეს და გადაარჩინეს“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მომზადება ასეულმა ჯერ საქართველოში, მანავში, რეინჯერთა მომზადების სკოლაში სამი თვის განმავლობაში ქართველი ინსტრუქტორების ზედამხედველობით გაიარა, შემდეგ კი - ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში, 37-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე, გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით მიმდინარეობდა. ასეულის პირადი შემადგენლობის გადასროლისწინა წვრთნა გერმანიაში სამ ფაზად იყო დაყოფილი.

სამხედროებმა ინდივიდუალური, ათეულის, ოცეულის და ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლებები გაიარეს, მათ შორის, სამედიცინო, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობა, ტაქტიკური სწავლება ყველა დონეზე და სწავლებაზე ორიენტირებული მეცადინეობებისთვის სამეთაურო რგოლის შეკრება. ასეულმა გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით ორჯერ განახორციელა ოცეულის და ასეულის დონის ტაქტიკური სწავლება, რომლის სცენარიც რეალურ სიტუაციასთან იყო მიახლოებული.

„I ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მარმალზე“ სწრაფი რეაგირების ამოცანას შევასრულებთ. ჩვენ ვიქნებით ბაზის სწრაფი რეაგირების ასეული.

მივემგზავრებით შვიდი თვით და ჩვენი მოცანა იქნება როგორც მოკავშირე ძალების, ასევე ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების დაუყოვნებლივი მხარდაჭერა და დახმარება“ - განაცხადა ქვედანაყოფის მეთაურმა, მაიორმა მიხეილ მეზვრიშვილმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები