საზოგადოება

ქართველი სტუდენტები სწავლას დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში შეძლებენ

17.01.17 20:20


საერთაშორისო განათლების ქართულმა ცენტრმა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯმა (UCD) ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც სტუდენტებს საქართველოდან ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილებებზე სწავლაში დაეხმარება.

მემორანდუმის ფარგლებში ქართული და ირლანდიური მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ პროგრამებსა და სახელმძღვანელოებს, რომლის დახმარებით ქართველი სტუდენტები საკუთარი ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული გამოცდილების მიღებას შეძლებენ.

მემორანდუმი ითვალისწინებს მნიშვნელოვან ფინანსურ შეღავათებს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩაირიცხებიან.

„აღნიშნული მემორანდუმი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველო-ირლანდიის საგანმანათლებლო ურთიერთობებში და საშუალებას მისცემს ნიჭიერ ქართველ სტუდენტებს დაეუფლონ სასურველ სპეციალობებს, გაიღრმავონ ცოდნა და პროფესიული გამოცდილება“, — აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.

თბილისში იმყოფებიან დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCD) პრეზიდენტი, პროფესორი ენდრიუ დიკსი, ასევე ინჟინერიისა და არქიტექტურის სკოლის დირექტორი დევიდ ფიცპატრიკი და კოლეჯის რეგიონული მენეჯერი ეისლინგ ტიერნანი, რომლებიც შეხვედრებს მართავენ საქართველოს განათლების სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს ოფიციალურად ეწოდება „ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტი, დუბლინი“. ეს უმაღლესი სასწავლებელი ირლანდიის უმსხვილესი უნივერსიტეტია, სადაც მუშაობს დაახლოებით 1300 ადამიანი და სწავლობს 17000-ზე მეტი სტუდენტი. უმაღლესი სასწავლებელი 1854 წელს დაარსდა, როგორც ირლანდიის კათოლიკური უნივერსიტეტი, შემდეგ, რეფორმირების შედეგად, სამეფო უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლობა მიიღო.

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის სახელწოდება 1998 წელს მიიღო. უნივერსიტეტი სტუდენტებს სპეციალობების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს — არქოლოგია, ბიზნესი, სამართალი და ეკონომიკა, მედიცინა და ბიომოლეკულარული მეცნიერებები. საერთაშორისო განათლების ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება — საქართველოს“ ბაზაზე შეიქმნა. ცენტრის მიზანია ქართველის სტუდენტების დახმარება საერთაშორისო განათლების მიღებაში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები