პოლიტიკა

პრეზიდენტის მიერ პარიზში განხორციელებულ სამდღიან ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა

17.01.17 22:00


გასული წლის 6-9 დეკემბერს საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

„ინტერპრესნიუსმა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გასული წლის დეკემბერში პარიზში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და დელეგაციის შემადგენლობის შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში ხარჯები შემდეგნაირად გადანაწილდა: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: დღიური ნორმა - 3720,31 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი - 10341,77 ლარი; პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა: დღიური ნორმა - 800,54 ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი: დღიური ნორმა - 1108,44 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი - 2454,47 ლარი; პრეზიდენტის პრესპიკერი ეკატერინე მიშველაძე: დღიური ნორმა - 862,12 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი - 2454,47 ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი ლაშა კვერნაძე: დღიური ნორმა - 862,12 ლარი, სასტუმროს დაქირავების ხარჯი - 2454,47 ლარი.

გარდა ამისა, ტრანსპორტის დაქირავების ხარჯმა შეადგინა 63 507,81 ლარი, ხოლო წარმომადგენლობითმა ხარჯმა - 22882,9 ლარი.

პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: გიორგი მარგველაშვილი, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკატერინე მიშველაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის უფროსი ლაშა კვერნაძე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ სანიკიძე, საქართველოს პრეზიდენტის პირადი დაცვის უფროსი მერაბ სუჯაშვილი, დაცვის ოფიცრები: ლევან ყაზახიშვილი და იასონ ღვინჯილია.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგელობაში არ ირიცხებიან პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც გიორგი მარგველაშვილს აღნიშნული ვიზიტისას თან ახლდნენ.

ასევე, მოწოდებულ ხარჯებში არ შედის უშიშროების საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა ხარჯები, ვინაიდან დელეგაციის წევრების მივლინების ხარჯების ანაზღაურება (მათ შორის, პირადი დაცვის) შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყვეს.

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალური სამიტის" მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ასევე შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის აღმოსავლურ ენათა და კულტურათა ეროვნულ ინსტიტუტსაც ეწვია და ქართული ენის კათედრაზე სტუდენტებს შეხვდა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები