საზოგადოება

პირველად საქართველოში ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნა

18.01.17 19:35


თბილისში პირველი ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ გაიხსნა.

ჰოსპისი — საოჯახო ტიპის დაწესებულებაა, სადაც ქრონიკული და განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები სამედიცინო მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ. „ციცინათელების ქვეყანა“ სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის; დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად; შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც უკვე ერთი წელია არსებობს და ამ ეტაპზე 26 ბავშვს ემსახურება.

ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ინიციატივით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის" პირველი ფინანსური შენატანითა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით დაიწყო. მას შემდეგ ჰოსპისს ასობით დონორი გამოუჩნდა რიგითი მოქალაქეებისა და ბიზნეს-კომპანიების სახით. ერთი წლის განმავლობაში ჰოსპისის მშენებლობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

„ბავშვთა ჰოსპისის პროექტი ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, პრეზიდენტის და მოქალაქეების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია“, – აღნიშნულია ფონდის ოფიციალურ გვერდზე. თბილისის ბავშვთა ჰოსპისი მსოფლიოს ჰოსპისების სტანდარტებს შეესაბამება როგორც ფუნქციურად, ისე არქიტექტურულად. საქართველოს ჰოსპისის კონცეფცია არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავლის" მიხედვით შემუშავდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ჰოსპისის სახელწოდება „ციცინათელების ქვეყანა" და მისი ინტერიერი, რომელიც ზღაპრულ სამყაროს მოგაგონებთ.

ბავშვებისა და მათი მშობლების მდგომარეობის შემსუბუქებაზე ჰოსპისში საგანგებოდ გადამზადებული ადამიანები იზრუნებენ.

თბილისის ბავშვთა ჰოსპისი პაციენტების მიღებას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობის იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა. მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად პალიატიური დახმარება 18 წლამდე ასაკის 839 ბავშვს სჭირდება.

ესენი არიან სიმსივნის ბოლო სტადიით, დიაბეტით, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებით, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმით დაავადებული ბავშვები. პალიატიური დახმარება ითვალისწინებს არა მხოლოდ დაავადებული ბავშვების მდგომარეობის შემსუბუქებას, არამედ ფსიქოლოგიური და სულიერი დახმარების აღმოჩენას მათი მშობლებისთვის. ჰოსპისის მთავარი ამოცანა ოჯახური გარემოს შექმნაა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები