საზოგადოება

დავით სერგეენკო: კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლების უფლება მოგვენიჭა

24.01.17 19:05


მთავრობის მიერ დღეს მიღებული დადგენილებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გააკეთოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, მთავრობის შესაბამისი დადგენილება დღეს დამტკიცდა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს 2 სპეციალური სააგენტო, რომელიც, ერთი მხრივ, ხარისხზე ზრუნვას, ხოლო მეორე მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დახარჯული თანხების მიზნობრიობას ამოწმებს.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, წლების განმავლობაში, იკვეთებოდა გარკვეული შემთხვევები, როდესაც კლინიკებს თანხები არასწორად ჰქონდათ მოთხოვნილი.

მისივე თქმით, ამ დარღვევებზე ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს ადგენდა.

„ჯანდაცვის სამინისტროს აქვს 2 სპეციალური სააგენტო, რომლის ამოცანაა, ერთი მხრივ, ხარისხზე ზრუნვა, ხოლო მეორე მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დახარჯული თანხების მიზნობრიობის შემოწმება. ამის შედეგად, მთელი ამ წლების განმავლობაში, იკვეთებოდა გარკვეული შემთხვევები, როდესაც კლინიკებს არასწორად ჰქონდათ მოთხოვნილი თანხები, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის ადმინისტრაციულ აქტს ადგენდა, თუმცა შემთხვევების უმრავლესობაში ასეთი დავები გადადიოდა სასამართლოში და გამომდინარე სადაო საკითხების მოცულობიდან და სპეციფიკურობიდან, გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ, წელიწადზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში, ეს სადავო თანხები იყო გაყინული, რაც სერიოზული პრობლემა იყო, ერთი მხრივ, ბიუჯეტის პარამეტრების ადეკვატური შესრულებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, კლინიკებთან ადეკვატური საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად. დღეს მივიღეთ დადგენილება, რომლის თანახმადაც, სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, რომ მისი აზრით არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ ჩათვლები გააკეთოს, ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სტატისტიკის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს ასეთი დავების 95%-ზე მეტი მოგებული აქვს.

„მიმდინარე საქმეები არის 21-ზე მეტ კლინიკასთან, 100-ზე მეტ შემთხვევაზე. ჯამში, 8 მილიონზე. გასაგებია, რომ კლინიკების ნაწილს ეს არ მოეწონება, რადგან გამოკვეთილია კლინიკები, რომლებიც უსასრულოს ხდიან ამ სასამართლო დავებს. ამ დადგენილებით, ჩვენ საშუალება მოგვეცემა, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და პირველ რიგში, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით, განვახორციელოთ ეს ცვლილებები“, – დასძინა მინისტრმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 64


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები