საზოგადოება

საკრებულოში ჯაბა სამუშიას წიგნის – „საქართველოს სამხედრო ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა

25.01.17 18:30


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის ჯაბა სამუშიას წიგნის – „საქართველოს სამხედრო ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა. ნარკვევების კრებული ავტორმა პირადად წარადგინა.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, წიგნი დიდი მონოგრაფიის ნაწილია და სრულად მიეძღვნა საქართველოს სამხედრო ისტორიას. მისი თქმით, წიგნში IX – დან XX საუკუნემდე განვითარებული მოვლენებია თავმოყრილი და მასში ასევე გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრების შესახებ ნაკლებად ცნობილი ფაქტები ბიოგრაფიული ნარკვევის სახითაა წარმოდგენილი.

ისტორიკოსის განმარტებით, საბჭოთა კავშირის პერიოდში სამხედრო ისტორიის კვლევასა და მის გამოცემას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ახლა კი გამოჩნდნენ ავტორები, რომლებიც ამ მიმართულებას იკვლევენ.

”სამხედრო ისტორიის კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის. ამბობენ ხოლმე, საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიააო. მე კი ვიტყოდი, რომ საქართველოს ისტორია ბრძოლების ისტორიაა. ამჟამად საქართველოს სამხედრო ისტორიაში ჩრდილოელ მეზობელთან დაპირისპირების კუთხით გარკვეული წარუმატებლობა აქვს. ჩვენ კი გვინდა ყველას დავანახოთ, რომ ქვეყნის სამხედრო ისტორიაში მრავლად იყო პერიოდები, როცა ომებს ჩვენ ვიგებდით.

ქვეყანა, სადაც ერთიანობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდაა, ომს აუცილებლად მოიგებს.

ისტორია ცხოვრების მასწავლებელია”,- განაცხადა სამუშიამ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ წიგნის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ და სხვა მომხსენებლებმა ისაუბრეს.

გამომსვლელებმა ჯაბა სამუშიას წიგნის პრეზენტაცია მიულოცეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული ნარკვევების კრებული ქართული ისტორიისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია.

ღონისძიებას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წიგნი „საქართველოს სამხედრო ისტორია“ გამომცემლობა “პალიტრა L”- მა გამოსცა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები