პოლიტიკა

ფრანსუა ოლანდი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებს

31.05.16 21:20


საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დღეს ბორდოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.

”მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ტექნიკურ საკითხებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლური ვექტორისთვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პოლიტიკურ მნიშვნელობას, რაშიც ფრანსუა ოლანდმა გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ექნება შესაბამის სამინისტროებთან, რათა, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე საფრანგეთის თანხმობა მოკლე დროში იყოს მიღებული.

საუბარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასაც შეეხო.

შეხვედრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცა”, - აცხადებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები