მსოფლიო

დასახელდა ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედების ვადები

03.02.17 17:20


ევროკავშირი უკრაინას უვიზო რეჟიმს 2017 წლის ზაფხულში წარუდგენს, ხოლო მანამდე საბოლოოდ უნდა დაუჭირონ მხარი ე. წ. შეჩერების მექანიზმს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაზე“ დაყრდნობით.

უვიზო რეჟიმის საკითხი უკრაინისთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გუშინ ევროპარლამენტმა ხმების უმრავლესობით მხარი დაუჭირა სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ქართული მხარე ვარაუდობს, რომ უვიზო რეჟიმი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.

უკრაინისთვის ევროკავშირის უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთვის საბოლოოდ უნდა დაუჭირონ მხარი „შეჩერების მექანიზმს“. ახლა ის ითარგმნება, შემდეგ გადათარგმნილ დოკუმენტს კიდევ ერთხელ გაიტანენ შეთანხმებისთვის ევროპარლამენტში, ამის შემდეგ ის უნდა განიხილონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ელჩებისა და მინისტრების დონეზე, აღნიშნავს გამოცემა.

„პოლიტიკური ბარიერები აქ არ იქნება, დე-ფაქტოდ გადაწყვეტილება მიღებულია, მხოლოდ იურიდიულად არის საჭირო მისი გაფორმება. ბრიუსელში ინსაიდერების შეფასებით, ეს პროცედურა მთლიანობაში დაახლოებით ერთ თვეს დაიკავებს — თებერვლის ბოლომდე. ჩვენი მხრიდან დავამატებთ — შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

გამოცემა იუწყება, რომ მარტში, სავარაუდოდ, უკრაინასთან დიალოგი დაიწყება, აპრილში — დოკუმენტის განხილვა ევროპარლამენტში, მაისში — ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა.

დიალოგი ევროკავშირსა და უკრაინას შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ 2008 წელს დაიწყო. 2010 წელს უკრაინას სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ კიევის მიერ ყველა პირობის შესრულება დაადასტურა. უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ მოახდინა, გარდა ნიდერლანდებისა. შეთანხმება წინასწარ საფუძველზე მოქმედებს. დოკუმენტი საბოლოოდ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ მისი რატიფიკაციის შემდეგ ამოქმედდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები