საზოგადოება

მარგველაშვილი: ზურაბ ჟვანია ყოველთვის ქვეყნის ორიენტირი იყო

03.02.17 21:45


საქართველოს ექს-პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკოსის ქვეყნის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს წარმატებით დღეს განსაკუთრებით ბედნიერი იქნებოდა.

ევროპარლამენტმა გუშინ მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ ყოფნას 180-დან 90 დღის განმავლობაში შეძლებენ. რეჟიმი ტექნიკური პროცედურების დასრულების შემდეგ — სავარაუდოდ მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ამოქმედდება.

სახელმწიფოს მეთაურმა ჟვანიას ეპოქის გამოჩენილი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, თავისი მეგობარი და თანამებრძოლი უწოდა.

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ — მისი ეს ფრაზა ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართველი ხალხის ისტორიულ მისწრაფებას, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწორედ ზურაბის უდიდესი ძალისმხევით შეიძინა ახალი სუნთქვა“, — აღნიშნა მარგველაშვილმა. სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ ჟვანიას წვლილი თავისუფალი, ევროპული საქართველოს შენებაში სრულიად უნიკალურია. „ზურაბისა და მის თანამოაზრეთა თავდაუზოგავმა ძალისხმევამ შექმნა მყარი საფუძველი ქართული პარლამენტარიზმის განვითარების, ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობისა და საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესების შეუქცევადობისათვის, მნიშვნელოვანწილად განაპირობა როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების დღევანდელი სახე“, — აღნიშნა პრეზიდენტმა. ზურაბ ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. 2005 წლის 3 თებერვალს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან, რაულ იუსუპოვთან ერთად კონსპირაციულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ განაცხადეს, რომ ჟვანიასა და უსუპოვის ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა — გამათბობელიდან გამოყოფილი მხუთავი აირით მოწამვლა გახდა; თუმცა პრემიერის გარდაცვალების რეალური მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები