ეკონომიკა

არმაზ ახვლედიანის მტკიცებით, სუს-ის მხრიდან მის ახლობლებზე შანტაჟი და მუქარა ხორციელდება

01.06.16 16:45


პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილი მდივნის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.

როგორც ”ინტეპრესნიუსს” არმაზ ახვლედიანმა განუცხადა, ცალკეულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათ ახვლედიანთან ურთიერთობა დააზიანებთ და რომ ეს ხიფათის შემცველია.
”ვწუხვარ, რომ 2016 წელს, 2012 წლის არჩევნებიდან მე-4 წელს, ”ქართული ოცნების” ხელისუფლება იმავე გზას ადგას, რასაც ადგა არაერთი ხელისუფლება 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთოების ერთადერთი გზა აქვთ შერჩეული - ეს არის უსამართლო, კანონსაწინააღმდეგო გზა. გზა შანტაჟის, დაშინების. ვწუხვარ, მაგრამ ახლაც ასეა. ”ქართული ოცნება” ამ გზით, რა თქმა უნდა, სრულად შედის ჩიხში და აღარ ტოვებს არანაირ შესაძლებლობას იმისთვის, რომ საზოგადოებამ მას ოდნავ მაინც გამოუცხადოს ნდობა”, - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლდეიანის თქმით, როდესაც ”ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ფორმატში, ხოლო შემდეგ საჯაროდ, სატელევიზიო ეთერით განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, გრძნობდა, რომ მისი და მისი ახლობლების მიმართ სხვადასხვა სამსახურის მხრიდან ყურადღება გაასმაგებული იყო,
”რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს საკითხს, მაშინაც როცა ”ქართულ ოცნებაში” ვიყავი და განსახვავებულ აზრს ჯერ შიგნით პოლიტსაბჭოს ფორმატში, ხოლო შემდეგ საჯაროდ, სატელევიზიო ეთერით ვამბობდი, კარგად ვგრძნობდი, რომ ჩემი და ჩემი ახლობლების მიმართ სხვადასხვა სამსახურის მხრიდან ყურადღება გაასმაგებული იყო, მაგრამ ბოლო დროს ამ ე.წ. ყურადღებამ უკვე ანომალიური ხასიათი მიიღო. ცალკეულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათ ჩემთან ურთიერთობა დააზიანებთ, რომ ეს ხიფათის შემცველია. არ ურჩევენ ჩემთან ურთიერთობას, არც სატელეფონო საუბარს და ეუბნებიან, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მათ, მათ ოჯახებს, სამსახურში პრობლემები შეექმნათ. ახლა ამაზე მეტს ვერ ვიტყვი მხოლოდ იმიტომ, რომ ვშიშობ, იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი რამ გადახდათ თავს, შეიძლება გაცილებით უფრო მეტი პრობლემა შეექმნათ. ეს არის და ეს. ნორმალურ ვითარებაში ამას უნდა იძიებდეს პროკურატურა და ამაზე კონკრეტული ადამიანები პასუხს უნდა აგებდნენ. ასეთი მუქარა და შანტაჟი არათუ არ გამაჩერებს და გადამაფიქრებინებს იმას, რომ ვიბრძოლო პოლიტიკაში უკეთური ადამიანების წინააღმდეგ, არამედ გაასამაგებული ძალით მზად ვარ თანამოზრეებთან ერთად დავუპირისპირდე ასეთ აღვირახსნილობას, ვამხილო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ერთი მხრივ, შეჩერდეს ეს უმსგავსობა და მეორე მხირვ, არჩევნების გზით მოხერხდეს საფუძვლიანი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, არმაზ ახვლედიანი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყების აზრს ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ”პროკურატურა პოლიტიკური ინსტრუმენტია და კანონთან და სამართალთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშანი დგას”.

”მე ყველაფრის მიუხედვად, მზად ვიქნებოდი, რომ გამოძიება დაწყებულიყო და თემები შესწავლილიყო, მაგრამ აქ კონკრეტული ადამიანების საკითხი დგას და მე არ შემიძლია ახლა მათ მაგივრად ვიმოქმედო. მე ჩემს თავზე ვაგებ პასუხს და ყველას ვპირდები, რომ მომავალშიც ვამხელ. დარწმუნებული ვარ, იმის დრო დადგება, როდესაც კონკრეტულად ვამხელ, ვის აშანტაჟებენ და ვინ აჟანტაჟებს. ასე რომ, ვურჩევ შესაბამის სამსახურებს, დაკავდნენ ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემებით და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნით”, - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანის განცხადებით, როგორც მას ეუბნებიან, მსგავს ქმედებებს სუს-ის წარმომადგენლები ახორციელებენ.

”სამწუხაროდ, ყველგან ისინი არიან და მე საერთოდ ვერ ვხვდები რა შეიცვალა. სააკაშვილის დროს ჩვენ ველოდით, რომ სუს-ი (არ ვიცი, მაშინ მას რა ერქვა) გვატერორებდა. დღეს როცა ამას პრაქტიკულად არავინ ელის, დღისით და მზისით, ასეთი საქციელით სუს-ის მხრიდან, თუ მისი სახელით, ეს არის უბრალოდ დანაშაული. ვფიქრობ, რომ ამაზე ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა შესაბამის ბატონებს.

ხელისუფლებას ასეთი ქმედებისთვის დიდი ფასის გადახდა მოუწევს”, - განაცხადა ახვლედიანმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები