პოლიტიკა

საია-ს შეფასებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკონენდაციები ასახული არაა

01.06.16 17:25


”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად ასახული არაა.

საია-ს წევრი გიორგი გოცირიძე ფიქრობს, რომ ეს პრეზიდენტს, პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პოლიტიკური შეთანხმების გამო მოხდა.

როგორც ”ინტეპრესნიუსს” გიორგი გოცირიძემ განუცხადა, პრეზიდენტის შენიშვნებში ვენეციის კომისიის დასკვნა სრულად არის გათვალისწინებული მხოლოდ და მხოლოდ 3 თვიან ვადასთან მიმართებაში.

”მაღალ კვორუმთან დაკავშირებით კვლავ პრობლემა რჩება, რადგან ორგანული კანონის მისაღებად იგივე კვორუმია საჭირო, რაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში იყო აუცილებელი - 7 წევრი უნდა ესწრებოდეს და 6-მა უნდა მისცეს ხმა ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ანუ ამ ნაწილში პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ასევე არ არის გათვალისწინებული იმასთან დაკავშირებით, რომ ნორმა შესაჩერებლად კოლეგიიდან პლენუმს არ უნდა გადაეცეს და თავად კოლეგიამ უნდა შეაჩეროს ნორმა, თუკი ამის საფუძველს ხედავს, ვინაიდან კოლეგიიდან პლენუმისთვის საქმის გადაცემა ნორმის შეჩერების აუცილებლობას საფრთხეს შეუმქნის”, - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე აზრით, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას სწორედ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის შემდგარი პოლიტიკური შეთანხმების გამო არ აპირებს.

”პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ისაუბრეს, რომ პრეზიდენტს ჰქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან და ეს იყო კონსესუსისა და პოლიტიკური შეთანხმების შედეგი და ამიტომ არ მოხდა ვენეციის კომისიის შენიშვნების სრულად გათვალისწინება”, - აღნიშნა მან.

ამასთან, გიორგი გოცირიძის შეფასებით, პრეზიდენტის შენიშვნებით კანონპროექტის გაკეთილშობილება ვერ მოხდება.

”წინა ვერსია, რაც პარლამენტმა მიიღო, უარესი იყო, მაგრამ ამ შენიშვნების გათვალისწინებით ამ კანონპროექტის მიღება იქნება ცუდი. მათ შორის, პრეზიდენტის ვეტოს არდაძლევის შემთხვევაში კანონში ძალიან ბევრი არაკონსტიტუციური დებულება დარჩება, რის გასაჩივრებასაც ჩვენ - არასამთავრობო ორგანიზაციები ვგეგმავთ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს”, - განაცხადა გოცირიძემ.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს გუშინ ვეტო დაადო და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები გაიზიაროს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს. მთავრობის მეთაურის ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც ღიად დააფიქსირეს, რომ ქვეყნის პირველი პირის მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ და დიდი ალბათობით, გაიზიარებენ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები