ეკონომიკა

საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების მიმართულებით გზებს გაარემონტებენ

20.02.17 19:35


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველო–აზერბაიჯანისა და საქართველო–სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზების გარემონტებას გეგმავს.

პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება. ამ ეტაპზე რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი–წითელი ხიდის ავტომაგისტრალების დაპროექტების სამუშაოები იწყება.

„რუსთავიდან სადახლოს მიმართულებით 40-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით 35-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება“, — ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

საპროექტო სამუშაოების ვადა 17 თვეა და მისი ღირებულება 1,7 მლნ ევროსა და 1,8 მლნ ლარს შეადგენს. პროექტირების დასრულების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. აღნიშნული მონაკვეთები ქვეყნის მთავრობის ოთხპუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების – სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 2016 წლის შემოდგომაზე წარმოადგინა. საქართველოს სივრცითი განვითარება რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები