საზოგადოება

საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო

23.02.17 17:20


საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რეგისტრაციის გავლა ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებ-გვერდზე 23 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი. აბიტურიენტებისთვის უკვე გამოცემულია ცნობარი, რომელიც ყველა ჯიხურში იყიდება. ცნობარში ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი ინფორმაცია, მათ შორის, რეგისტრაციის პროცედურები, ეროვნული გამოცდების წესები, უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალი, ფასები და რჩევებია თავმოყრილი — ყველაფერი ის, რაც უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს აბიტურიენტმა.

აბიტურიენტების რეგისტრაცია სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე (23 თებერვლიდან 31 მარტამდე) გაიმართება რეგისტრაცია, რა დროსაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, მიუთითონ ფაკულტეტი, ქალაქი, სადაც ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს.

ცენტრში აბიტურიენტებს ურჩევენ ყურადღებით გაიარონ რეგისტრაცია და თვალი მიადევნონ, რომ სმს-შეტყობინება მიიღონ იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გამოცდებზე დარეგისტრირებული არიან. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინებას არ მიიღებენ, ესე იგი აბიტურიენტმა არასწორად გაიარა რეგისტრაცია. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 31 მარტიდან 20 მაისამდე პერიოდში ჩატარდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ეძლევათ შეცვალონ არჩეული ფაკულტეტები. რეგისტრაციის მესამე ეტაპი 20 მაისიდან დაიწყება და აგვისტოს თვის დასაწყისამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში აბიტურიენტები შეძლებენ შეცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები. იმისათვის, რომ სტუდენტი გახდე, აუცილებელია სამი ძირითადი საგნის — ზოგადი უნარების, ქართული ენა და ლიტერატურის, უცხო ენისა და ასევე ერთი არჩეული საგნის წარმატებით ჩაბარება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები