პოლიტიკა

საქართველოს მოქალაქეები მარტის ბოლოდან შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

27.02.17 16:05


საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრი ავრამოპულოს შეხვდრაზე აღინიშნა, რომ მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ისარგებლონ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის წევრ ქვეყნებთან.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მნიშვნელობას საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ყველა მიმართულებით და განაცხადა რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, რასაც სათანადოდ აფასებს ევროკავშირი.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.

პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო გააგრძელებს წარმატებულ რეფორმებს.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დაესწრნენ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები