პოლიტიკა

ომბუდსმენმა "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის წინადადებით პარლამენტს მიმართა

27.02.17 16:25


2017 წლის 23 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ცვლილებების შეტანის წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა წარმოდგენილი კანონის პროექტის მნიშვნელობა; ამასთან, მიმოიხილა ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გაშვილებისა და მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების გაუმჯობესების მიზნით კანონპროექტში შესატანი ცვლილებები.

წინადადების თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, გარკვეული ცვლილებები უნდა შევიდეს ადგილობრივი გაშვილების მარეგულირებელ შემდეგ საკანონმდებლო ნორმებში: შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბავშვის მონაწილეობა, შვილად აყვანის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და აზრის გათვალისწინების ვალდებულება პასუხისმგებელი სუბიექტებისათვის; შვილად ამყვანსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის თავსებადობის დადგენის გაუმჯობესებული მექანიზმის შემოღება; უპირატესი შვილად აყვანის უფლების მქონე პირთა შორის რიგითობის წესის დადგენა; ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის მიმართება შვილად აყვანის რიგითობასთან; ბავშვის მშვილებლისაგან განცალკევების წესის დადგენა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239–ე მუხლთან კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანა.

მომეტებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთაშორისო გაშვილების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ხარვეზებზე. ამ კუთხით აღსანიშნავია შემდეგი მიმართულებები: ჰააგის კონვენციის პრინციპის შესაბამისად, ეროვნული გაშვილების სისტემაში საერთაშორისო გაშვილების წესის მოქცევა; საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვისა და უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების/მშვილებლის თავსებადობის კრიტერიუმების დადგენა;

საქართველოს სახელმწიფოს მიერ საზღვარგარეთ გაშვილების საქმეებზე მონიტორინგის სამართლებრივი მექანიზმების დაზუსტება.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, უნდა გადაიხედოს, ასევე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამას დაქვემდებარებულ პირთა განსაზღვრის წესი. კერძოდ, უნდა შეიცვალოს კანონპროექტის 70–ე მუხლი პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ბავშვი, რომლის მშობელიც მხარდაჭერის მიმღები პირია და სასამართლოს მიერ მშობლის უფლებამოსილების ნაწილში მხარდამჭერად დანიშნული ჰყავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი, ექვემდებარება მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართვას. აღნიშნული საფუძვლით ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანა და მისი სახელმწიფო მზრუნველობაში განთავსება არ შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის მოთხოვნებს და უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერვენცია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში ზრუნვისა და აღზრდის მიზნით.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ზემოაღნიშნული წინადადების გათვალისწინებით, გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს საჭირო ცვლილებები „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტში და ბავშვის საუკეთესო ინტერესების საფუძველზე განსაზღვროს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცესის მომწესრიგებელი ნორმების ნორმატიული შინაარსი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები