პოლიტიკა

აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის შესაძლო აღდგენა - ოპოზიცია ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს

27.02.17 17:05


აფხაზეთის გავლით რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის შესაძლო აღდგენის შესახბ მედიაში გაჟღრებულ ინფორმაციას ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

უმცირესობა ხელისუფლებისგან სომხეთთან მიმდინარე მოლაპარაკებების გასაჯაროებას მოითხოვს.

ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ რკინიგზის აღდგენა ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას ეჭვქვეშ დააყენებს.

„როგორც კი ჩვენ შევალთ რაღაც გარიგებებში სეპარატისტებთან და მათ მივანიჭებთ რაღაც ლეგიტიმურობას, თუნდაც აფხაზეთის მონაკვეთზე ამ ხელშეკრულებით და არ არის გამორიცხული ასე იყოს, მაშინ ეჭვქვეშ დავაყენებთ არაღიარების პოლიტიკას, რაც არის უმთავრესი იარაღი ამ წუთას ჩვენს ხელში. ეს ეროვნული საკითხია და არ შეიძლება კულუარებში გადაწყდეს. უნდა მოხდეს ამ საკითხის გარჩევა საპარლამენტო მოსმენებზე,“-განაცხადა ნიკა რურუამ.

ევროპული საქართველოს წარმომადგენლების თქმით, კი ხელისუფლება ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებებს იღებს.

„საქართველოს დღეს მართავს ხელისუფლება, რომლის მიმართაც არსებობს ძალიან დიდი უნდობლობა, რომ ის ყველაფერს უთმობს რუსეთს. ეს გაზპრომის მაგალითზეც კარგად გამოჩნდა. ამიტომ, ამ საკითხშიც საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია საჯაროდ თქვას სიმართლე, რა გარიგებასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

უმრავლესობაში რაიმე სახის მოლაპარაკებებს გამორიცხავენ.

„ეს საკითხი ძალიან შორს არის მოლაპარაკებიდან კი არა, განხილვიდან არის ძალიან შორს.

ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია საკმაოდ სწორი ხედვა იმისათვის, რათა სრულ თანხმობაში იყოს ყველანაირი პროექტი, რაც საქართველოში განხორციელდება, უპირველეს ყოვლისა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და რასაკვირველია, უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების და პოლიტიკურ ინტერესებს,“ -აღნიშნავს გია ვოლსკი.

აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში საქართველოსა და სომხეთის პრემიერების შეხვედრა გაიმართა და აღნიშნა, რომ ლარსის დერეფნის ალტერნატივის გახსნაზე ისაუბრა. თუმცა რომელი გზა არის ალტერნატივა, სომხეთის პრემიერი არ აკონკრეტებს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის იანვარში პრემიერმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, მალე რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზა, რომელიც საქართველოზე გაივლის, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთზე, რეალობადაც იქცეს.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველა მხარის თანხმობის შემთხვევაში, რკინიგზის გახსნა შესაძლებელი იყო.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები