პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი რუმინეთის ელჩს შეხვდა

27.02.17 17:20


შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის ელჩს საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.

შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს და რუმინეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.

2016 წელს, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შს მინისტრმა და რუმინეთის ელჩმა საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, საქართველოსა და რუმინეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ შეთანხმებას აპრილში მოეწერება ხელი და მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.

შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრმა რუმინეთის ელჩს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთის მთავრობის მიერ შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი – კარმენ დანიელა დანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები