საზოგადოება

ილია მეორე: არ შეგეშინდეთ, ღმერთი ჩვენთან არის, შეგვეწევა, ბოროტი დაითრგუნება

27.02.17 17:40


არ შეგეშინდეთ ღმერთი ჩვენთან არის, შეგვეწევა, ბოროტი დაითრგუნება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა, სადაც შენდობის წესი აღავლინა.

პატრიარქმა შენდობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საკვირველია ადამიანი როგორ იტევს, იტანს თავის თავში ამდენ სიკეთეს და ბოროტებას, ამდენ სიხარულს და ამდენ მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება, მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება და სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ და ვზრუნავთ.მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს მოთმინებას. ადამიანი კეთილია წარმოშობით და თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთისა, მაგრამ არის დიდი ბრძოლა ადამიანში.მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს.

ღმერთი არ სჯის ადამიანს , ხშირად ადამიანი სჯის თავის თავს.ხშირად მითქვამს, ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს მარცხნივ დადგება თუ მარჯვნივ. ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი. საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. არ უნდა გაგვიტყდეს იმედი, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა. დიდი მარხვის წინ ჩვენ ღრმად ვუყურებთ ჩვენს გულს, გონებას და სულს.ვხედავთ, რომ მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია, ან როგორ ვიტანთ ამდენ ცოდვას, ამდენ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი გვაძლევს იმედს და მოთმინებას.შევთხოვ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, მადლი, სიყვარული, სიხარული, რომ განსაცდელის დროს არ დავეცეთ მიწაზე, რომ განსაცდელის დროს უფალი მოვიდეს და გვიშველოს ჩვენ წინსვლაში. არ შეგეშინდეთ ღმერთი ჩვენთან არის, შეგვეწევა, ბოროტი დაითრგუნება. დღევანდელ დღეს შევყურებთ ცას და უფალს, რომ შეგვინდოს ცოდვები. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისაგან. დღეს, როცა მადლი ღვთისა უხვად გადმოდის ჩვენზე, ჩვენ შევთხოვთ უფალს შეგვინდოს ცოდვა“, -აღნიშნა ილია მეორემ.

შენდობის წესის დროს ილია მეორემ თავად ითხოვა შენდობა. „მე ცოდვილის, სრულიად საქართველოს პატრიარქი შეგთხოვთ, შემინდოთ შეცოდებანი ჩემნი. მე, ცოდვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ, რომ აღავლინოთ ლოცვა ღვთის წინაშე“, – ბრძანა პატრიარქმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები