პოლიტიკა

ნიკა რურუა - აფხაზეთის რკინიგზის გახსნა დაუშვებელია

27.02.17 18:55


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის რკინიგზა გაიხსნება, რისი საფუძვლიანი ეჭვიც არსებობს, ეს გამორიცხავს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე დევნილების დაბრუნებას და არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარტიიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ნიკა რურუამ ისაუბრა.

რურუას განცხადებით, საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტის შემდეგ, საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ მან და კვირიკაშვილმა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს. მისივე თქმით, ეჭვს საფუძვლიანს ხდის აღნიშნულთან დაკავშირებით კარაპეტიანის მკაფიო განცხადებაც, რაც შემდგომ სომხურმა და რუსულმა მედიამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა გაიხსნება.

„აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, სრულიად დაუშვებელია. ეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს, გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას, ჩვენი არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებას და საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენას.

აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ეროვნული ინტერესების ღია ღალატია და დაუშვებელია, როგორც მტრული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ რუსებს, სეპარატისტებს ახეირებს. ამასთან, გაგვიფუჭებს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დაასუსტებს ტვირთბრუნვას ფოთის პორტში და გაგვიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან.

აღსანიშნავია, რომ იგივე ინფორმაცია გაჟღერდა აბაშაიძე-კარასინის ფორმატშიც, რომელიც აშკარად ცილდება საკუთარი უფლებების საზღვარს, რადგან ეს ფორმატი მხოლოდ ეკონომიკური საკითხებისთვისაა შექმნილი. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ცალსახად პოლიტიკური საკითხია. სწორედ ამიტომ, აბაშიძე უნდა გამოცხადდეს პარლამენტში და ყველა იმ კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც მის მიმართ დაგროვდა.

ხსენებულ თემაზე მოლაპარაკებებს, რომელიც კულუარულ ფორმატში მიმდინარეობს, ფართო საზოგადოებრივი განსჯის ფორმატი უნდა მიეცეს. თუ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, ჩვენ პროტესტის უკიდურეს ზომებს მივმართავთ, რასაც სახალხო ვნებათაღელვა მოჰყვება, რადგან ეს ფაქტი გამორიცხავს დევნილების დაბრუნებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა ნიკა რურუამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები