პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ახალი რეგულაციის მინიჭებაზე განცხადებას ავრცელებს

27.02.17 20:15


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია დაამტკიცა. უწყება ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

”დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა 539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს საბოლოო ნაბიჯია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ვულოცავთ საქართველოს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ რეფორმების განხორციელების პროცესში შედეგი გამოიღო და ევროკავშირის სამივე ინსტიტუტმა უკვე საბოლოო თანხმობა გამოხატა, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

1 მარტს განახლებულ რეგულაციას ხელი მოეწერება ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ და რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

უვიზო მიმოსვლის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ეს შედეგი ადასტურებს, რომ ევროკავშირი საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევს. ამასთან, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია, საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისათვის. უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებლო-კულტურული და ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული ფასეულობებისა და იდეების დამკვიდრებასა და განმტკიცებაში.

მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის და შეუქმნის მათ მოტივაციას, ისარგებლონ საქართველოს პასპორტებით.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცვას უვიზო მიმოსვლის პირობები”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები