პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზეთის რკინიგზის საკითხზე არსად და არავისთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას

27.02.17 20:45


ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი, გამომდინარე საკუთარი ბუნებიდან, ყველგან და ყველაფერში ხედავს საიდუმლო გარიგებებს, დეზინფორმაციასა და სიცრუეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთის რკინიგზის თემაზე კომენტირებისას განუცხადა.

აბაშიძის თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე არსად და არავისთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას.

„აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი პირდაპირ კავშირშია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემატიკასთან და მხოლოდ ამ კონტექსტშია შესაძლებელი მისი განხილვა“, - აღნიშნა მან.

ზურაბ აბაშიძე საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სწორედ, წინა ხელისუფლების პირობებში დაკარგა ქვეყანამ ტერიტორიების თითქმის 20 %-ზე კონტროლი.

„რაც შეეხება უსაფუძვლო კრიტიკასა და თითიდან გამოწოვილ არგუმენტებს, შევახსენებთ მავანთ, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა: ფაქტობრივად, მოიშალა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. დავკარგეთ კონტროლი ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20%-ზე. ამ კატასტროფას შეეწირა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი სამხედროები. ქვეყანას იძულებით გადაადგილებულთა ახალი ნაკადი შეემატა.

მათი ხელშეწყობით რუსულ კომპანიებზე გასხვისდა ჩვენი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, წიაღისეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოები. სწორედ იმ პერიოდში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ იქნა შეჩერებული საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის რუსეთის მხარისათვის გადაცემის მცდელობა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში კვლავ დაგვიბრუნდა რუსული სამხედრო ბაზები, რომლებმაც მანამდე, დიდი ძალისხმევის ფასად, დატოვეს საქართველოს ტერიტორია. საერთაშორისო ორგანიზაციების მისიები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, შეწყდა სამშვიდობო პროცესი და უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან. რუსეთის მიმართ აშკარად დამთმობი და ქვეყნისათვის დამღუპველი პოლიტიკა ტარდებოდა პატარა მუშტების ქნევისა და ვითომ პროდასავლური რიტორიკის ფონზე. ეს მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯების არასრული ჩამონათვალია. ყოველივე ეს ქართველ ხალხს არ დავიწყებია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე ოპონენტებს ურჩევს, ხშირად ნუ დაუბრუნდებიან მათთვის წამგებიან დისკუსიას.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები