პოლიტიკა

ირაკლი შოთაძე გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს

02.06.16 17:00


საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ნიკა გვარამიას ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც, „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე პროკურატურის მიერ იდევნება.

შოთაძე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ ნათია გუჯაბიძის მიმართ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს.

„საქართველოს პროკურატურაში არასდროს არანაირი ინფორმაცია, არანაირი განცხადება, არანაირი საჩივარი მოსამართლე ნათია გუჯაბის მიმართ არ შემოსულა. შესაბამისად, არანაირი გამოძიება, მითუმეტეს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. ეს არის ცალსახა ტყუილი. ყოველთვის შესაძლებელია წინასწარ, ინფორმაციის გავრცელებამდე ჩვენთან ამ ინფორმაციის გადამოწმება, რაც არავის გაუკეთებია. აშკარაა, რომ გუშინ ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი, რომელიც ეხებოდა საქართველოს პროკურატურას, ვითომ ჩვენ დევნას ვახორციელებთ მოსამართლე გუჯაბიძეზე, პროკურატურის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა და ასევე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – განაცხადა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძე საქართველოს პროკურატურის მიერ იდევნება. როგორც გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოსამართლე, რომელიც „რუსთავი2“-ის საქმეს განიხილავს, სახელმწიფო ქონების გაფლანგვაშია შემჩნეული.

გვარამიას განცხადებას მალევე უპასუხა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. უწყაბში აცხადებენ,რომ გვარამიას მიერ საქართველოს პროკურატურის მისამართით გაკეთებული განცხადება და მასში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას. მათივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ არასდროს შემოსულა საჩივარ/განცხადება და მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები