ეკონომიკა

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი გაორმაგდა

07.03.17 17:35


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 777 275 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 94%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 20,5 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 91%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

„თებერვლის თვის მონაცემებით, ექსპორტის ტენდენცია არის მატებისკენ, რაც ძალიან მისასალმებელია და რაც უმთავრესად, განპირობებულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ის და ასევე, ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, სადაც დასტაბილურდა მდგომარეობა. ეს წელი მართლაც აქტიურად დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება”, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (5 717 289 ბოთლი), უკრაინა (859 756), ჩინეთი (832 552), ყაზახეთი (389 040) და პოლონეთი (312 650).

ღვინის ექსპორტის ზრდა წლის დასაწყისისთვის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ასე გამოიყურება:

აშშ – 3206% (31 740 ბოთლი);

ჩინეთი – 280% (832 552);

კანადა – 238% (24 360);

გერმანია – 151% (86 374);

რუსეთი – 123% (5 717 289);

ლატვია – 85% (183 720);

ყაზახეთი – 15% (389 040);

უკრაინა – 32% (859756).

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 162 305 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5,2 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53% შეადგინა.

138%-ით გაზრდილია ჭაჭის ექსპორტიც. სულ 33 874 ბოთლი ჭაჭა მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაიგზავნა. ექსპორტირებულმა ჭაჭამ თანხაში 99 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 119%-ით მეტია გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 40,1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის გაორმაგებულია 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, როდესაც აღნიშნულმა შემოსავლებმა 20 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები