საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილმა პოლიცია უკანონობაში დაადანაშაულა

20.03.17 15:20


საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი ირწმუნება, რომ პოლიციამ მის მეგობარ მიხეილ თათარაშვილს ნარკოტიკული ნივთიერება „სუბოტექსი“ ჩაუდო.

შაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ თათარაშვილი პატიმრობაში დატოვა. ახალგაზრდა 17 მარტს დააკავეს დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით. აღსანიშნავია, რომ მიხეილ თათარაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარიცაა. „ჩემს მეგობარს მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი სურამის გზატკეცილზე ყველანაირი ახსნის გარეშე!! ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც არის გადაღებული ჩადებამდე 2 დღით ადრე, სადაც ჩანს, რომ ის ფლობდა ინფორმაციას მისთვის სავარაუდო ჩადების შესახებ!!!!! როდემდე უნდა ვიტანდეთ მსგავს საქციელს პოლიციის მხრიდან? გთხოვთ გაავრცელოთ“, — წერს ანა მარგველაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

მოგვიანებით ანა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ფაქტი გიორგი მარგველაშვილის იმ გამოსვლას უკავშირდება, სადაც მან მის ოჯახზე ზეწოლაზე ისაუბრა.

თავის მხრივ, მინდია გოგოჭური ირწმუნება, რომ ის და თათარაშვილი ერთად იმყოფებოდნენ რიკოთის უღელტეხილზე, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი თათარაშვილი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

თათარაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არ იღებს ნარკოტიკებს და დაკავების მომენტში სუბოტექსი არ ჰქონია.

შეგახსენებთ: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მიხეილ თათარაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. 12 იანვრის ღამეს ის და მინდია გოგოჭური ბალანჩივაძის ქუჩაზე სროლისას დაჭრეს. პოლიციამ ორივე დაშავებული საავადმყოფოში დაკითხა და სისხლის სამართლის საქმე „ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების“ მუხლებით აღძრა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები