საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თეირანის სულიერი ლიდერი საპატრიარქოში მიიღო

20.03.17 21:50


ა.წ. 20 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში მიიღო ირანელთა დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აიათოლა ქამეზსედიგი _ თეირანის სულიერი ლიდერი. შეხვედრას ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ვიზიტი მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა ირანის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის არსებული კავშირების განმტკიცებას.

"შეხვედრაზე ისაუბრეს გახშირებულ ტერორისტულ აქტებსა და მსოფლიოში განვითარებულ მძიმე პროცესებზე, რომლებსაც სამწუხაროდ უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. ასევე განიხილეს საქართველოსა და ირანში არსებული მდგომარეობა რელიგიის თავისუფლების კუთხით.

სტუმარმა კმაყოფილება გამოთქვა მუსლიმურ თემსა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის არსებული თბილი ურთიერთდამოკიდებულების გამო. მან ასევე ხაზი გაუსვა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის პიროვნების როლს და აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რეგიონში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, მან დასძინა რომ ჩვენს ქვეყანაში რწმენის თავისუფლების ერთ-ერთი დადასტურება საქართველოში არსებული მრავალრიცხოვანი მეჩეთებია და გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ ირანშიც ამოქმედდება მართლმადიდებლური ეკლესია.

თეირანის სულიერმა ლიდერმა წარადგინა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში ბატონი ჯავათკავამ შაჰიდი.

აიათოლა ქამეზსედიგმა და ახლადდანიშნულმა ელჩმა ყურადღება გაამახვილეს მულტიკულტურულ ქვეყანაში სახელმწიფოს როლზე და რელიგიის სააგენტოს შექმნა დადებითად შეაფასეს.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა და თეირანის სულიერმა ლიდერმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს."- აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები