პოლიტიკა

„რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში და არაერთხელ დაემუქრა ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს" - ჯონ მაკკეინი

22.03.17 21:35


ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკაზე ისაუბრეს. მომხსენებლების რანგში მიწვეული იყვნენ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ და ევროპაში ალიანსის ძალების ყოფილი სარდალი გენერალი ფილიპ ბრიდლავი.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ამერიკასთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის სურვილი არ აქვს.

„რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაინაში, მიიერთა ყირიმი და არაერთხელ დაემუქრა ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს. ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ევროპაში ამერიკის პოლიტიკა და სტრატეგია იმართებოდა იმ იდეით, რომ რუსეთი იყო ან უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა, ყოფილიყო უსაფრთხოების სფეროში საიმედო პარტნიორი. ჩვენი ბოლო სამი პრეზიდენტი რუსეთთან პარტნიორობას ამ პირობებით ცდილობდა, თუმცა ყოველ ჯერზე დიდი იმედები იმედგაცრუებით მთავრდებოდა,“ - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თანათავმჯდომარე ჯეკ რიდი, რომელმაც ასევე რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა.

„საქართველოში რუს სამხედროებს 2008 წლიდან ოკუპირებული აქვთ ორი სეპარატისტული რეგიონი და მოსკოვმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ რეგიონებს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს,“ - განაცხადა ჯეკ რიდმა.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს საკითხი თუ როგორ უნდა მოხდეს ცივი ომის შემდგომი წესრიგის შენარჩუნება ევროპაში.

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი ფილიპ ბრიდლავი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების ღირებულება ძალის გამოყენებით ესმის.

„წარსულში არ ვიყავით მონდომებული უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღება მიგვეწოდებინა. ჩვენმა გუნდმა ამ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს,“ - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.

რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების გამოძებნაზე საუბრობს ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ.

„რუსეთის ქმედებებმა ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენს შორის ურთიერთობა და სამომავლოდ ამ ურთიერთობის უკეთესობისკენ ცვლილება რუსეთის საქციელზეა დამოკიდებული,“ - აცხადებს ვერშბოუ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები