პოლიტიკა

საქართველოს აეროპორტები ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლისთვის ემზადებიან

27.03.17 14:45


საქართველო ევროკავშირთან ვიზების გაუქმებას ელოდება – თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთვის მზადება დაიწყო.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დილიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მორთეს, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა მგზავრების გაზრდილი ნაკადის მომსახურება შეუფერხებლად წარიმართოს.

ევროკავშირის სიმბოლიკით მორთეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. ტერმინალში იგეგმება სარეგისტრაციო მაგიდების რაოდენობის გაზრდა, შემდეგ ეტაპზე კი – თვითონ ტერმინალის გაფართოება.

"ჩვენ მგზავრთა გაზრდილი ნაკადის დასახვედრად ინფრასტრუქტურა გადავაკეთეთ. დავამატეთ სარეგისტრაციო დახლები, ერთი გასასვლელი, დავნერგეთ გარკვეული პროცედურები, რომ რიგის რეგულირება მომხდარიყო", – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ ტელეკომპანია Imedi–ს ეთერში. მისი თქმით, იქმნება სპეციალური დეკორაციებით და ტურისტებს სურპრიზები ელოდებათ.

თბილისში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების აღნიშვნა დღეს დილიდან დაიწყო. საზეიმო ღონისძიებების მასშტაბური პროგრამა 26 და 27 მარტისთვის თბილისის მერიამ მოამზადა.

ევროკავშირის უვიზო რეჟიმი საქართველოსთან 28 მარტს ამოქმედდება. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ.

სადღესასწაულო ღონისძიებები განახლებული აღმაშენებლის გამზირზე "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე და ასევე ევროპის მოედანზე იმართება.

მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს შეეძლოთ ქართული და ევროპული კერძების დაგემოვნება, ასევე მუსიკის მოსმენა, რომელიც მათ ქართველმა დიჯეებმაშესთავაზეს: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze. ქუჩაზე ბავშვებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო. დღევანდელი დღე ევროპული მუსიკის კონცერტით დასრულდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები