საზოგადოება

“პატრიარქისთვის ციანიდი საჭმელზე უნდა მოეყარათ, რომელსაც მას შორენა თეთრუაშვილი აჭმევდა”

27.03.17 17:25


„პატრიარქის მოწამვლას შორენა თეთრუაშვილის ხელით აპირებდნენ“, – აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. როგორც ნანა კაკაბაძე გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, პატრიარქის დაცვამ შორენა თეთრუაშვილს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ილია მეორესთან „მიკარება“ აუკრძალა. მისივე თქმით, პატრიარქის დაცვამ შორენა თეთრუაშვილს ზემოთ აღნიშნული ბარიერი მას შემდეგ მოუხსნა, რაც საქართველოს პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა. უფლებადამცველი ინტერვიუში ე.წ. ციანიდის საქმის საეჭვო დეტალებზე საუბრობს.

„ აღსანიშნავია, რომ შორენა თეთრუაშვილს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, არ აძლევდნენ პატრიარქთან მიკარების საშუალებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც უწმინდესი გერმანიაში საოპერაციოდ წაიყვანეს, დაცვამ შორენას ეს ბარიერი მოულოდნელად მოუხსნა და მას იმის უფლებაც მისცეს, რომ პატრიარქისთვის თავისი ხელით ეჭმია საჭმელი! ვერსიის თანახმად, გეგმა ასეთი იყო: პატრიარქისთვის ციანიდი საჭმელზე უნდა მოეყარათ, რომელსაც მას შორენა თეთრუაშვილი აჭმევდა, იმავდროულად, ციანიდის ნაწილს შორენას პირად ბარგში ჩადებდნენ და გამოაცხადებდნენ, რომ პატრიარქი შორენამ მოწამლა, ხელისუფლების დავალებით! ეს იყო ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრი, რომლითაც ორ კურდღელს ერთად იჭერდნენ – პატრიარქსაც იშორებდნენ და შორენა თეთრუაშვილსაც ანეიტრალებდნენ. საერთოდ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხვდა გიორგი მამალაძე საპატრიარქოში მაღალ თანამდებობაზე და რა გარემოებებმა შეუწყო ხელი მის აღზევებას?! ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ვის მიერ იყო გამოყენებული დეკანოზი მამალაძე „ციანიდის საქმეში“ ?! ფაქტია, რომ იგი ამ საქმეში ყველაზე დაბალი რგოლი და ჭანჭიკია!” – აცხადებს ნანა კაკაბაძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

უფლებადამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გამოძიებამ „ციანიდის საქმეზე“ სრული სიმართლე უნდა თქვას. მას მიაჩნია, რომ „ციანიდის საქმეზე“ დეკანოზი გიორგი მამალაძე „ჭანჭიკია“ და უნდა გაირკვეს, ვინ იდგა მის უკან. ნანა კაკაბაძე ეჭვობს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის უკან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდი დგას.

„ სახელმწიფოს ვალია, საზოგადოებას სრული სიმართლე უთხრას „ციანიდის საქმესთან დაკავშირებით! არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ისე, რომ მთავარ ფიგურებს ხელი დააფარონ და ყველაფერი „დაბალ ღობეს“ – დეკანოზ მამალაძეს აჰკიდონ! ვფიქრობ, რომ როგორც „ციანიდის საქმის“, ისე ბათუმის მოვლენების უკან სააკაშვილის ბანდა დგას და „ციანიდის საქმის“ გამოძიება სწორი მიმართულებით რომ წასულიყო, ეს ბათუმში დატრიალებული ვანდალიზმს თავიდან აგვაცილებდა!“ ამ ორივე საქმეს ხელისუფლება ისე თუ არ გამოიძიებს, როგორც საჭიროა, კიდევ სხვადასხვა „ბათუმს“ მივიღებთ, რაც ხალხსა და და ქვეყანას დააზიანებს, თორემ ამ ხელისუფლებას არც არაფერი დაუშავდება! დიახ, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ მთავარ ოპონენტად ხალხისთვის საძულველი “ნაცმოძრაობა” ჰყავდეს, რადგან ამ გზით, ძალაუფლებას გაიხანგრძლივებს! რამდენ ხანსაც “ნაციონალური მოძრაობა” იარსებებს, იმდენ ხანს იქნება ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“. აი, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც “ნაცმოძრაობა” არ გაასამართლეს და პოლიტიკური საქმიანობა არ აუკრძალეს!“ – აცხადებს ნანა კაკაბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები