პოლიტიკა

თამარ ხულორდავა - საქართველოსთვის ევროპის კარი იღება და ჩვენი ქვეყანა იბრუნებს კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში

27.03.17 19:20


28 მარტი არის ისტორიული დღე თანამედროვე საქართველოსთვის - ძალაში შედის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭების შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან კონკრეტული შედეგი და დაფასება იმ რეფორმების, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოში.

”კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და წარმატებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან კონკრეტული შედეგი და დაფასება იმ რეფორმების, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოში საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს აქტიური ჩართულობით. ეს არის დაფასება იმ ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების, რომელიც 2013 თებერვლიდან აქტიურად ხორციელდება მას შემდეგ, რაც საქართველოს გადმოეცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

ეს პროცესი მთელი ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მიმდინარეობდა. ველოდით ამ დღეს, როცა შევძლებდით უკვე გვეთქვა, რომ დღეიდან საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით შეუძლია მოგზაურობა ევროკავშირის სივრცეში. თუმცა, ეს დღე და ეს გადაწყვეტილება ისტორიულია არა მარტო იმიტომ, რომ ტექნიკურად მარტივდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობა და ევროპის ქვეყნების კარი იღება, ეს დღე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო იბრუნებს თავის კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში”, - განაცხადა ხულორდავამ.

ხვალიდან, 28 მარტიდან საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმო ამოქმედდება. ბიომეტრული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები