პოლიტიკა

„გადაუჭრელი კონფლიქტები სუამ-ის რეგიონში კვლავ აბრკოლებს ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას“ - კვირიკაშვილი

27.03.17 20:35


ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, რადგან წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ჩვენს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკრაინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური და სექტორული თანამშრომლობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

პრემიერის თქმით, საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა შემთხვევით არ იყო წარმოდგენილი დევიზით - „ერთად ძლიერი სუამ-ისთვის", რადგან ორგანიზაციას, როგორც არასდროს, სჭირდება მისი წევრების პოლიტიკური კონსოლიდაციის გამყარება, რათა ყველა დასახულ მიზანს მიაღწიოს.

"დღეს, გლობალური და რეგიონალური გამოწვევები გვავალდებულებს, განვამტკიცოთ ჩვენი ურთიერთქმედება სუამ-ის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სარბიელზე. ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემას და ერთობლივ გამოწვევას სუამ-ის წევრი ქვეყნებისთვის. გადაუჭრელი კონფლიქტები სუამ-ის რეგიონში კვლავ აბრკოლებს ჩვენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, სუამ-ის ხმა უნდა ჟღერდეს რაც შეიძლება ხმამაღლა. ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად გამოვიყენოთ სუამ-ის პოტენციალი ფართო საერთაშორისო მხარდაჭერისა და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქციის მიღწევის მიზნით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, მიიჩნევს, რომ დარგობრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარება პოლიტიკური ურთიერთქმედების განმტკიცებასა და წევრი ქვეყნების ერთობლივი და ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების მიღწევას შეუწყობს ხელს.

"გასული 20 წლის განმავლობაში ჩვენ შევიძინეთ მნიშვნელოვანი გამოცდილება სუამ-ის ფარგლებში ერთობლივი და ურთიერთმომგებიანი პროექტების რეალიზაციისას, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სამართალდამცავი საქმიანობა და კიბერუსაფრთხოება. დღეს ჩვენს წინაშე გადაშლილია ფართო შესაძლებლობები და ჩამოყალიბებულია აუცილებელი ინსტიტუციური პოტენციალი, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გასამყარებლად და გასაფართოებლად, ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად, არა მარტო სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის, არამედ პარტნიორობით დაინტერესებულ ქვეყნებთანაც. დარგობრივი თანამშრომლობის აქტივიზაციისთვის ინიციატივები და წინადადებები ერთობლივი პროექტებისთვის უნდა გენერირდეს სწორედ დარგობრივ სამინისტროებში. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია,ჩატარდეს ორგანიზაციის ყველა სამუშაო ორგანოს რეგულარული სხდომები. ამასთან, ჩვენი მხრიდან უნდა არსებობდეს მაქსიმალური მხარდაჭერა, მტკიცე პოლიტიკური ნებისყოფა და კონკრეტული პოლიტიკური იმპულსი სუამ-ის რეგიონული თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მიესალმება დოკუმენტების ხელმოწერას, რომლებიც სუამ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფუნქციონირების სრულყოფასა და სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად.

"ამ მიღწევების მიუხედავად, დაუსრულებელი რჩება შეთანხმების პროცესი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა საქონლის წარმოშობის ქვეყნის თაობაზე. საქართველო, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოორდინირებას უწევს სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შეთანხმების პროცესს, დაჟინებით მოუწოდებს ყველა ქვეყანას კონსტრუქციულად მიუდგნენ და მიიღონ საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება ზემოხსენებული დოკუმენტის სასწრაფოდ ხელმოწერის მიზნით. ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს გავაძლიეროთ და გავზარდოთ სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა. ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ერთობლივი ძალისხმევის აქტივიზაციას სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების კონცეფციის იმპლემენტაციისათვის. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მიღწევა პოზიტიურად აისახება ჩვენი ეკონომიკების განვითარებასა და შემდგომ რეფორმირებაზე და მოიტანს ხელშესახებ შედეგებს როგორც ჩვენი მეწარმეებისათვის, ისე მთლიანად საზოგადოებისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა სუამ-ის პირველი ბიზნესფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს სამეწარმეო წრეებისა და კერძო კომპანიების დაახლოებას. მისი თქმით, მსგავსი ფორუმების რეგულარულად ჩატარება ურთიერთსასარგებლო პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

"როგორც თავმჯდომარე, მიზანშეწონილად ვთვლი აღვნიშნო სუამ-ის პარტნიორებთან (აშშ, იაპონია) აქტიური ურთიერთქმედების განსაკუთრებული მნიშვნელობა, ასევე სუამ-ი პლუსი - ახალი ფორმატების განვითარება თანამშრომლობაში დაინტერესებულ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული ინიციატივებისა და ერთობლივი მრავალმხრივი პროექტების შემუშავებისა და რეალიზაციის შესაძლებლობების გამოკვლევას.

სუამ-ის არსებობის 20 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა განავითარეს მჭიდრო და მტკიცე თანამშრომლობა პარტნიორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. მხოლოდ კონსოლიდირებული ძალისხმევით გახდება ეს ორგანიზაცია უფრო ძლიერი, ხოლო ჩვენი ქვეყნები - უფრო აყვავებული. 2017 წელი წარმოადგენს განსაკუთრებულ წელს სუამ-ისა და საქართველოსათვის, ჩვენი თავმჯდომარეობის კონტექსტში. ყველა ამ მიზნის მისაღწევად, რომლებზეც ვისაუბრე, ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, იმ პრინციპებიდან გამომდინარე, რომლების მიხედვითაც თავიდანვე შეიქმნა ეს ფორმატი.

საქართველო კვლავ ადასტურებს სუამ-ისადმი ერთგულებას და განზრახვას, განაგრძოს აქტიური მხარდაჭერა ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სხდომის შემდეგ, ხელი მოეწერა ოქმებს მონაწილე სახელმწიფოთა შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ „2002 წლის 20 ივლისის შეთანხმების ხელშემკვრელ მხარეთა მოქმედებების მაკოორდინირებელი სამუშაო ორგანოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ" და სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ცალკეული შედეგების ურთიერთაღიარების შესახებ".

დოკუმენტებს, საქართველოს მხრიდან, ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები