პოლიტიკა

ვიზალიბერალიზაციის პირველი დღე: პრემიერი და სტუდენტები ევროპაში გაემგზავრნენ

28.03.17 15:00


საქართველო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს — 28 მარტს სიმბოლური ვიზიტით ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე იტყობინებიან.

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ შენგენის ზონის ქვეყნებში დაჰყონ 180-დან 90 დღე. "ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტი, რომლითაც მე დღეს მივემგზავრები ევროპაში," — ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მათ საქართველოს მოქალაქის პასპორტი აჩვენა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ისტორიული მოვლენა უწოდა.

"დღეს ისტორიული დღეა — საქართველოს მოქალაქეებისთვის უკვე საბოლოოდ იხსნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის წევრს ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი. ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. დღეს მივდივართ სტუდენტებთან ერთად ევროპის უძველეს კულტურულ დედაქალაქში — ათენში, სადაც გვექნება შეხვედრა უნივერსიტეტში, ასევე გაიმართება პოლიტიკური შეხვედრები.

შუადღით გავემგზავრებით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში — ბრიუსელში, სადაც ვიზეიმებთ ამ დიდ მიღწევას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული, ინტენსიური შრომის შედეგია, არამედ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ჩართულობით გახდა შესაძლებელი. მინდა, მოგილოცოთ ეს დიდი, ისტორიული დღესასწაული,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

აქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ირინა დარჩია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, არქეოლოგი დავით ლორთქიფანიძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი ლევან გიგინეიშვილი, მწერალი ზურაბ ქარუმიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები, "სტარტაპ საქართველოს" მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების წარმატებული სტუდენტები, სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინასებული ახალგაზრდები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები.



წყარო : Sputnik საქართველო  /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები