პოლიტიკა

უვიზო რეჟიმი ამოქმედდა – რომელ ქვეყნებში შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას ​

28.03.17 15:15


დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ. უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან. ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნებია:

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნებია: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია.

ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნებია: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება. საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა.

აღნიშნული გეგმა შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებიც ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა, ამის შემდეგ კი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ დადებითად გადაწყვიტეს. ​2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმადაც, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

შესაბამისად, დღეიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები