პოლიტიკა

ქართული პასპორტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს

28.03.17 15:55


ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სრულყოფილად ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ თავისუფლად გადაადგილდნენ ევროპის ქვეყნებში, ამისთვის მათ ქართული ბიომეტრიული პასპორტი დასჭირდებათ.

საქრათველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ შენგენის ქვეყნებში თავისუფალი მოგზაურობის შესაძლებლობა წამახალისებელი ფაქტორი იქნება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტები აიღონ. ხელისუფლება მუშაობს იმისთვის, რომ ოკუპირებული მაცხოვრებლებისთვის პასპორტის მიღების პირობები გაამარტივოს. მსგავსი პრეცენდენტი უკვე იყო მოლდოვაში, როდესაც ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შემდეგ თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის 27 ათასმა მაცხოვრებელმა მოლდავური ბიომეტრიული პასპორტის აღება მოისურვა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ადრე განაცხადა, კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი პროცესის ნაწილია საჯარო მომსახურებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, ასევე ყველა იმ სარგებლის მიღება, რომელიც საქართველო-ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად მიიღწევა.

შეგახსენებთ, რომ დროდადრო საქართველოს იუსტიციის სახლებში ტარდება აქციები, რომლის ფარგლებშიც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება უფასოდ, ხოლო ბიომეტრიული პასპორტის აღება 100-ის ნაცვლად 50 ლარად არის შესაძლებელი. ერთ-ერთი იუსტიციის სახლი ენგურის ხიდიდან რამდენიმე მეტრში სოფელ რუხში მდებარეობს, სადაც ყველა სერვისის მიღებაა შესაძლებელი, იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრში კი სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტებიცაა აფხაზურ ენაზე.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები