ეკონომიკა

საქართველო და უზბეკეთი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას აპირებენ

29.03.17 20:10


საქართველო და უზბეკეთი შეთანხმდნენ, გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები, ხელი შეუწყონ პროდუქციის ტრანზიტს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში და სრულყონ ორმხრივი სამართლებრივი ბაზა, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში.

უზბეკეთის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისას ხელმძღვანელობს ოლი მაჟლისის (პარლამენტის) სენატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სოდიკ საფაევი. დელეგაციაში შედიან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შურხატ ისმაილოვი, სს "უზბეკეთის რკინიგზის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე დავრონ დეჰკანოვი, ასევე უზბეკეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური კავშირების სამინისტროების წარმომადგენლები.

უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტურიზმის, კავშირგაბმულობის, საგარეო ვაჭრობის და სხვა სფეროებში, ასევე დაისახა ახალი პროექტების გეგმები.

უზბეკეთის დელეგაცია ასევე მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მხარეებმა იმსჯელეს ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის, რეგიონში ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის პროექტების განვითარებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საკითხი საქართველოში უზბეკეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.

საფაევმა კობახიძე უზბეკეთში მიიწვია, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, განსაკუთრებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2016 წელს, 2012 წელთან შედარებით, 184%-ით გაიზარდა და დაახლოებით 81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები