ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთიმაგალითის შესახებ ნაწილი 1

30.03.17 17:30


ნ.ტოკარსკის წიგნის „ძველი სომხეთის არქიტექტურის“ გამო
მე-2 გამოცემა მოამზადა
ბონდო არველაძემ

აკად. სიმონ ჯანაშიას ნაშრომი - „ისტორიული სიმართლის დამახინჯების ერთი მაგალითის (1947) შესახებ“ - დაიწერა პროფ. ნ.ტოკარსკის წიგნის _ „ძველი სომხეთის არქიტექტურა„ (1946) გამო. მასში ტაო-კლარჯეთის უძველესი ქართული მიწა და ხუროთმოძღვრების ძეგლები სომხურად არის გამოცხადებული. სამწუხაროდ, ეს ისტორია განმეორდა და ერევნელი სომეხი მეცნიერებისა და მოსკოვში მცხოვრები სომხური წარმომავლობის რუსი მეცნიერების წყალობით, ახლახან გამოსულ „მართლმადიდებლური ენციკლოპედიის“ მესამე ტომში ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურა კვლავ სომხურად არის გამოცხადებული.

სამწუხაროდ, სომეხი მეცნიერების მიერ ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურის ძეგლების მისაკუთრების პროცესი არ ჩერდება. პირიქით, ამ მახინჯმა და, შეიძლება ითქვას მანია-კალურმა პროცესმა კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო....

სომეხ მეცნიერთა მიერ ტაო-კლარჯეთის ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფალსიფიკაციის მხილებას მიეძღვნა 2016 წლის 16-18 ივნისს ქართველი და ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია - „ქართული კულტურული მემკვიდრეობა თურქეთში“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, ინგლისელმა და თურქმა მეცნიერებმა. კონფერენ¬ციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სომეხი მეცნიერები კვლავ დაჟინებით მიზანმიმართულად განაგრძობენ ქართული ხუ¬როთ-მოძღვრების კლასიკური ძეგლების: ბანის, იშხნის, ხახუ¬ლის, პარხლის, ოშკისა და სხვათა სომხურად გამოცხადებას.

როგორც ვხედავთ, ამ ხნის განმავლობაში სომეხ მეცნიერთა დამოკიდებულება ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურის მიმართ არ შეცვლილა. ამიტომ საჭიროდ ვცანით, აკად. სიმონ ჯანაშიას აღნიშნული ნაშრომის გამოქვეყნება ქართულად, რომელიც იმდენად მაღალ მეცნიერულ-პოლემიკურ დონეზეა შესრულებული, რომ ფაქტიურად დღემდე მასზე პასუხი არ არის გაცემული. იგი ინარჩუნებს მეცნიერულ აქტუალურობას და მაღალ აკადემიურ დონეზე მხილებულია ტაო-კლარჯეთის ქართული არქიტექტურის გამყალბებლები.

აკად. სიმონ ჯანაშიას ამ ნაშრომის ქართული თარგმანი პირველად გამოქვეყნდა გაზ. „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე - 2002, N259-271.
წიგნად გამოვიდა 2003 წ.


ისტო¬რიის, როგორც მეცნიერების, ლიკვიდატორები ჩვენს შორის ჯერ კიდევ ბოგინობენ. ასეთ ფიქრს აღძრავს ამას წინათ გამოსული ნ.მ. ტოკარსკის წიგნი „ძველი სომხეთის არქი¬ტექტურა“ (სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემია, ისტორიის ინსტიტუტი, პასუხისმგებელი რედაქტორი ი.ა. ორბე¬ლი, ერევანი, 1946). ავტორმა მიზნად დაისახა „ძველსომხური ხუ¬როთმოძღვრების ზოგადი მიმოხილვა, თვალ-ყურის მიდევ¬ნება, თუ როგორ ცოცხლობდა და ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა გარემოში, სომეხ ხუროთმოძღვართა შემოქმედებითი აზრი და რას უზიარებენ ისინი თავიანთ პროფესიაში - მრავალსახოვანი არქიტექტურული ფორმების შე¬ქმნის რთულ პროცესში“ უცხოეთში მცხოვრებ თანამოძმეებს (გვ.VIII-IX). ამოცანა საპატიო და აქტუალურია, მაგრამ ტო¬კარსკის წიგნში სომეხი ხალხის მდიდრულმა არქიტექტუ¬რულმა მემკვიდრეობამ ვერ ჰპოვა ღირსეული ასახვა. ავტორის მანკიერი მეთოდოლოგია, ტენდენციურობა, გადმოცემის ულაზათო სტილი, განზრახვანი, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ მეცნიერული გამოკვლევის ამოცანებთან, - აი, რა განგვა¬ცვიფრებს ამ წიგნში, რომელიც, რასაკვირველია, შემთხვევით ატარებს გამორჩეული სამეცნიერო დაწესებულების მარკას.

წიგნის ზოგადი დახასიათებისათვის მივუთითებთ, რომ აკადემიურ გამოცემაში, რომელმაც, გაცხადებული გეგმის თანახ¬მად, წარმოდგენა უნდა მოგვცეს არქიტექტურული ფორმების განვითარების თითქმი ათასხუთასწლიან პროცესზე, მკითხველი ნახავს ორადორ ჭრილს.

დვინისა და ვაღარშაჰატის სასახლეების შესახებ მოცემულია მხოლოდ უთავბოლო აღწერები, ფრაგმენტული არქიტექტურული მორთულობის ორი სურათი და ტოკარსკის შესრულებული „კათალიკოსის პალატების პატარა ეზოს“ რეკონსტრუქცია. ავტორმა საჭიროდ არ ჩათვალა თან დაერთო ამჟამად ნანგრევებად ქცეულ ამ ნაგებობათა გეგმები. იმაზე, თუ ზოგჯერ რად ღირს დანგრეულ შენობათა მსგავსი რეკონსტრუქციები, მკითხველს თვით ტოკარსკი აცნობებს, მოცემული კარის ბოლოს, პატრიარქის პალატების სამხრეთი ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში შემორჩენილი მომცრო ეკლესიის აფსიდა, რომელიც არქი¬ტექტორ თ.თორომანიანის რეკონსტრუქციაში წარმოდგენილია, როგორც სამნავიანი ბაზილიკა. სინამდვილეში აქ, ალბათ, მცირე ერთნავიანი სამლოცველო იყო“ (გვ.48)... ეგ კი არა, საკუთარი რეკონსტრუქციის შესახებაც ტოკარსკი ასეთ წვრილმანებს ჰყვება: „სქემატურ რეკონსტრუქციაზე, გასწვრივ კედელში ფანჯრები და კარები ნებისმიერადაა განლაგებული, ვინაიდან, შეუძლებელია ნანგრევებში რაიმე მონაცემს მია-კვლიო“ (გვ. შენიშვნა 44)... „შეიძლება შენობის სხვა რეკონს¬ტრუქციის მოცემაც, თუ ვივარაუდებთ, რომ აქ პატარა ეზო კი არა, დარბაზი იყო“ (გვ.45) და ა.შ. ამგვარ მეცნიერულ ნაშრომში აუცილებელი პირობითობა და ჰიპოთეტურობა მოცემულ შემთხვევაში იმ ზღვრამდეა მიყვანილი, როცა რეკონსტრუქცია ყოველნაირ აზრსა და მნიშვნელობასაა მოკლებული.

მრავალი სხვა წინააღმდეგობა და ლოგიკური შეუსაბამობა ავტორისათვის სრულიად შეუმჩნეველი რჩება. მაგალითად, იგი ამტკიცებს, თითქოს „სომეხი ხუროთმოძღვრები არ ჩერდებიან სამნავიან კამაროვან ეკლესიად - დარბაზად ბაზილიკის გადაკეთებისას მიღწეულ შედეგებზე. ისინი ბრწყინვალედ გადაწყვეტენ გუმბათით დაგვირგვინებული საეკლესიო შენობის შექმნის ამოცანასაც“ (გვ. 58). რას ემყარება ეს საპასუხისმგებლო განცხადება? მხოლოდ ერთმანეთის გამომრიცხავ მიხვედრებსა და გამოგონებებს და არც ერთ ფაქტს. ფაქტების უქონლობა როდი აცბუნებს ავტორს - იგი ახერხებს მათ შეცვლას. „სათუოა, რომ ნაგებობის გუმბათოვანი ფორმა, - განაგრძობს ტოკარსკი, - მხოლოდ საეკლესიო მშენებ¬ლობასთან დაკავშირებით გამომუშავებულიყო; უნდა ვივა¬რაუ¬დოთ, რომ გუმბათების აღმართვის ტექნიკას არქიტექტორები (რომელი? - ს.ჯ.) კარგად იცნობდნენ გაცილებით ადრე. ის გარემოება, რომ სომხეთში ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი VI საუკუნეზე ადრე აგებული გუმბათოვანი შენობები, ვერ გამოდგება საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, რადგან ძნელი სავარაუდოა, რომ სასანიდურ სპარსეთთან მჭიდროდ დაკავში¬რებულ ქვეყანაში (და არა მხოლოდ დროებით დამორჩი-ლებულში), არ სცოდნოდათ სასანიდელ მბრძანებელთა ნებით აღმართული შესანიშნავი სასახლის ტიპის ნაგებობების შესახებ, რომლებიც (ესე იგი, ნაგებობები და არა მბრძანებლები! - ს.ჯ.), აქამდე აღტაცებას ჰგვრის ხელოვნების ყველაზე მომთხოვნ შემფასებელს“ (იქვე), უბრალოა და ნათელი: სომხეთში არ შემონახულა VI საუკუნემდე აგებული, გუმბათოვანი ნაგებო¬ბები, თუმცა, სამაგიეროდ ისინი მეზობელ სპარსეთს შემორჩ¬ნენ. სომხეთმა კი განიცადა სპარსეთის არა მარტო პოლი¬ტიკური, არამედ კულტურული გავლენაც; ამიტომ, ძნელი სავა¬რაუდოა, რომ სომხეთს სპარსეთიდან არ გადმოეღო ნაგებობის გუმბათოვანი ფორმა. ასეთ შემთხვევაში, გუმბათოვან ნაგე¬ბობათა დამუშავების საქმეში პირველობა სპარსელ ხუროთ¬მოძღვრებს ეკუთვნით! თუმცა, ტოკარსკის მსგავს დაბრკო¬ლებებს ანგარიშს არ უწევს და აღუშფოთებლად განაგრძობს: „ ჯერ კიდევ არაა გარკვეული, თუ სადაა (სპარსეთსა თუ სომხეთში) უფრო ადრე გამოყენებული არქიტექტურაში კონუ¬სური აფრის, ანუ ტრომპის სახელით ცნობილი ის თავისებური ფორმა გუმბათზე ნახევრადკონუსის სახით კამაროვანი გადასვლისა... რომელიც ოდენ VII საუკუნის შუა ხანებში იქნა მკვეთრად განდევნილი დასავლეთიდან შემოსული სფერული აფრით“. ამრიგად, თუმცა გუმბათი, საერთოდ, სომხებმა სპარსელებისაგან ისესხეს, მისი ძირითადი ელემენტის - კამაროვანი გადასვლა კონუსური აფრის ფორმით - წარმო¬მავლობა ჯერაც გამოცანად რჩება; ის შეიძლება სპარსული წარმოშობისაც, სომხური წარმოშობისაც, თავის სხვა ფორმით კი - სფერული აფრის ფორმით, სომხების მიერ ნამდვილად გადმოღებული იყო უკვე დასავლეთელ ხალხთაგან. დომხალი ამით არ თავდება. უშუალოდ მომდევნო ფრაზაში უკვე გვიმტკიცებენ, რომ გუმბათი,საერთოდაც, შეიძლება წმინდა სომხური წარმომავლობისა იყოს: „აგრეთვე, ძნელი სავარაუ¬დოა, რომ ხუროთმოძღვრებს, რომლებიც ყოველ სოფელში ხვდებოდნენ სახლებს, ბოძებზე შეყენებული ხის კარვისებური სახურავით, აზრად არ მოსვლოდათ გუმბათი“ (აქ, ისე როგორც ყველა ქვემოთ მოყვანილ ციტატაში, ხაზგასმა ჩემია - ს.ჯ.). აქ ეს ყველაფერი ერთ გვერდზე მოგვაწოდეს!

რა თქმა უნდა, ასეთი მეთოდით, ყოვლისშემძლე ფორ¬მულების დახმარებით: „საეჭვოა, რომ“, „უნდა დავუშვათ“, „ძნელია ვივარაუდოთ“, და ასე შემდეგ (აქ ისინი ერთი აბზაციდანაა ამოწერილი, მაგრამ მთელი წიგნი მსგავსი ფორმულებითაა აჭრელებული), რასაც ისურვებთ, ყველაფრის „დამტკიცება“ შეიძლება.

მართლაც, ყურადღებიანი მკითხველი იოლად შეამჩნევს, რა უსუსურია ტოკარსკის მტკიცებანი.

სომხური არქიტექტურის ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლი სრულიად ზედაპირულად არის აღწერილი. ვერ შეხვდებით ძეგლთა უტყუარ ანალიზს. ესოდენ დიდი მნიშვნელობის მქონე მათი დათარიღება, მეტწილად,სულაც არ გახლავთ დასაბუთებული, ან დასაბუთების ძალიან უცნაური მცდელობაა. ასე მაგალითად, ერერუიქის ბაზილიკის აღწერისას დასაწყისში, ნათქვამია, რომ ის მიეკუთვნება „ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ძველი ეკლესიების“ (გვ.49) რიცხვს, შემდეგ გაკვრით მოგვიგდეს, რომ „მოგვიანებით აქ ახალი კარიბჭე აღმართეს.... V საუკუნეში აგებული ბაზილიკის კარიბჭეები განკუთვნილი იყო“ (გვ. 52) და ასე... შემდეგ ტეკორის ტაძრის შესახებ გვეუბნებიან: „ იმავე დროს (ესე იგი, ერერუიქის ბაზილიკის აგების დროს - ს.ჯ.) ჩვეულებრივ უსადაგებენ ტეკორში (დიგორში) ტაძრის აგებასაც“ (გვ.53), „ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს (V-VI საუკუნეები) „მიკუთვნებული არავუსის (გვ.55) ტაძრის დათარიღებიდან კი ვიგებთ, რომ სომხეთში უძველესი საეკლესიო ნაგებობები არის V და VI საუკუნეებისა, თუმცა, ქრისტიანობა IV საუკუნეში გახდა სომხეთის სახელმწიფო რელიგია (გვ.48). ნამდვილად კი წიგნში წამოყენებული საკითხების თვალსაზრისით, ათწლე¬ულ¬თა ფარგლებში დათარიღებას აქვს მნიშვნელობა. იხილე, მაგალითად, ტოკარსკის მსჯელობანი მცხეთის „ჯვარის“ დათარიღების თაობაზე: 1
აშტარაკისა და ქასაღის ეკლესიების შესახებ ნათქვამია, რომ ისინი „აგებული არიან არაუგვიანეს VI საუკუნისა (გვ.55). რატომ? - უცნობი რჩება სამაგიეროდ, სხვა ადგილას იგივე აშტარაკი VI-VII საუკუნეების ეკლესიათა რიგს“ მიათვალა (გვ.121). მრავალაბსიდიანი ტაძარი ეღვართში გამოცხადე¬ბულია VII საუკუნის ნაგებობად (გვ.106) და ამ დათარიღების დასადასტურებლად ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი. მრა¬ვალაბსიდიანი ტაძრების ქრონოლოგია კი ერთობ მნიშვნე¬ლოვანია, ვინაიდან, აქამდე გაბატონებულია შეხედულება, თითქოს მსგავსი ნაგებობები ჩნდება არა უადრეს X საუკუნისა.

აბდაუბდა და წინააღმდეგობრივი მსჯელობები ზოგჯერ აუხსნელ მასშტაბებს აღწევს. ასე მაგალითად, ერთ ადგილას (გვ.210-211) ვკითხულობთ: „ხახულში ორი ფერის სოლი ენაცვლება ერთმანეთს. ამ ხერხმა ეტყობა ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ ზოგიერთ არსებულ ნაგებობაში ფანჯრების თავზე სხვადასხვაგვარი თაღები საღებავებით იყო გადმო¬ცემული ჩვეულებრივ ჰორიზონტალურ მოპირკეთებაზე (ოშკი, პარხალი). ასეთი იმიტაციის არსებობა ოშკში დასავლეთ ფასა¬დის მდიდრულად მორთულ ფანჯარაზე, რომელიც კომპოზიციურად ერთნაირია (ასეა! - ს.ჯ.), ხახულის ეკლესიის სამხრეთის ფანჯრისა, გვიჩვენებს, რომ ეს ეკლესია ააშენეს ცოტა გვიან, თუმცა, იმავე სკოლის ოსტატებმა“. რანაირად შეიძლება ოშკის ტაძარში არსებული ხახულის მინაბაძი გამოდგეს ხახულის ტაძრის აშენების უფრო გვიანდელ ხანაზე მინიშ¬ნებად, სამუდამოდ ტოკარსკის საიდუმლოებად დარჩება.

კიდევ მეტი ორიგინალობით გამოირჩევა ავტორის შემდეგი მტკიცება. სპეციალურ ლიტერატურაში გამოქვეყნებულ დებუ¬ლებასთან დაკავშირებით, რომ მცხეთის „ჯვარში“ პირველად იყო შემუშავებული შესაბამისი არქიტექტურული თემა, ტოკარსკი გვედავება: „...კარგად ცნობილია, რომ ზედაპირზე მდებარე ნაგებობათა გარდა, სომხეთსა და საქართველოში ბევრია მიწით დაფარული მონუმენტურ ნაშენთა ნანგრევი, რომელთა შორის შეიძლება აღმოჩნდეს ავანსა და მცხეთაში (გვ.91) ადრე აშენებული ჩვენთვის საინტერესო ტიპის ეკლესიები“. ავტორი ვერ ამჩნევს, რომ ეს „მიწისქვეშა“ არგუმენტაცია, რომელსაც თავისი თხზულების სხვა ადგილებშიც ხშირად მიმართავს, უფრო მეტად, ვიდრე სხვა რამ, იმაზე მიგვანიშნებს, რომ დანარჩენი მასალა, რომელსაც კი მეცნიერება შეიძლება ანგარიშს უწევდეს, ამოწურულია.

ავტორის ვარაუდის მთავარი საფუძველი, რომ ეჩმიაძინის ტაძარი თავიდან ბაზილიკას წარმოადგენდა, ის არის, რომ „ეჩმიაძინის პატივსაცემად, ვინმე ატომის საეკლესიო საგა¬ლობელ „განძ“-ში, ის იწოდება სიონად, ხოლო როგორც ი.ჯავა¬ხოვმა დაადგინა, ქართულ ენაში ეს დასახელება ყოველთვის აღნიშნავს ბაზილიკას“ (გვ.61)... ყველაფერს თავი რომ დავა¬ნებოთ, უნდა აღინიშნოს, რომ ტოკარსკი აქ უგულებელყოფს ტერმინ „სიონის“ სრულიად სხვაგვარ განმარტებას თვით ქართული ენისათვისაც, მოცემულს უახლოეს ლიტერატურაში. გაკვრით მივუთითოთ, აგრეთვე, შემდეგი: ამ საკითხს რომ ავტორი უფრო სერიოზულად მოკიდებოდა და უფრო ღრმად ჩასწვდომოდა წყაროების ცნობებს, შეეძლო ტერმინი „სიონი“ აღმოეჩინა არა მარტო პოეტურ ლიტერატურაში, რომლის ჩვენებებსაც ამ შემთხვევაში, პირდაპირ მნიშვნელობას ვერ მივაწერთ. ასე მაგალითად, საღმოსავანქის XIII საუკუნის გუმბათვანი ნაგებობა თვით ამ ტაძრის წარწერაში ორჯერ წოდებულია „წმინდა სიონად“.2 რას ნიშნავს ეს?

ზედაპირულად, დაუმტკიცებლადაა განხილული ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები გუმბათოვანი ბაზილიკებისა და „გუმბათოვანი დარბაზების“ წარმოშობისა და განვითარების შესახებ, თუმცა, მათთან დაკავშირებით, ტოკარსკი შორს მიმავალი მტკიცებების ნებას აძლევს თავს (გვ. 62-68).

მცხეთაში შესანიშნავი ქართული ტაძრის „ჯვრის“ ხუროთ¬მო¬ძღვარზე ავტორი ამბობს, რომ მან „თავისი ქმნილების გუმბათი ტიპური სომხური ლავგარდნით შემოქობა (გვ.92). ამასობაში კი, სხვა ადგილას, როცა გადმოსცემს თავის „ზოგიერთ მოსაზრებას ამ ფორმის წარმოშობის თაობაზე“ (იგულისხმება ზემოდ დასახელებული ლავგარდნის ტიპი), თვითვე ამ ფორმის ევოლუციის საფეხურების საჩვენებლად იშველიებს მაგალითს მცირე აზიიდან და აგრეთვე, ლავგარდანს საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარე სოფელ გარბანის ეკლესიიდან“ (გვ.121), ესე იგი, მაგალითს საქართველოდან. მაშ, რატომ არის ეს ლავგარდანი „ტიპური სომხური“
„ჯვარში“ იმავე „ტიპური სომხური“ ლავგარდნის თაობაზე ავტორი წერს: „ამ ფაქტს არ შეუძლია გაოცების გამოწვევა, რადგან საქართველოში არის მცხეთურთან ერთობ მსგავსი ეკლესია, „ატენის სიონის“ სახელით ცნობილი, რომელიც სომეხმა არქიტექტორმა ააშენა„ (გვ.92)... კულტურული ნასეს¬ხობის ფაქტებს შეუძლია მარტო ტოკარსკის შეცბუნება გამოიწვიოს.

მეცნიერება ფაქტებს შეისწავლის მის განკარგუ¬ლებაში არსებული ობიექტური მეთოდებით, თუმცა ამ შემ¬თხვევაში ტოკარსკი საჭიროდ როდი მიიჩნევს მკითხველს ყველა ცნობილი ფაქტი მიაწოდოს. ასე მაგალითად, სპეციალურ ლიტერატურაში უდავოდ არის დადგენილი, რომ ატენის ტაძარი მცხეთისაზე გვიანაა აგებული და უკანასკნელის უხეირო მიბაძვას წარმოადგენს!

აი, როგორ წარმოგვიდგება საქმე ტოკარსკის წიგნში გამოცხადებული პროგრამის ერთი ნაწილის რეალიზაციის თვალსაზრისით: „გააკეთოს ძველსომხური ხუროთმოძღვრების ზოგადი მიმოხილვა, თვალყური მიადევნოს, თუ როგორ ცოცხლობდა და ვითარდებოდა საუკუნეთა მანძილზე, სხვადასხვა პირობებში, სომეხ ხუროთმოძღვართა აზრი“.... ჩვენს მიერ ზემოთ უკვე გარჩეული ტოკარსკის გამონათქვა¬მებიდან მკითხველს შეეძლო ისიც დაენახა, თუ როგორ სრულდება წიგნში იმავე პროგრამის მეორე ნაწილი: „თვალ¬ყურის მიდევნება, თუ რას უზიარებდნენ ისინი (სომეხი ხუ¬როთმოძღვრები - ს.ჯ.) თავიანთ უცხოელ თანამოძმეებს პროფესიის მიხედვით“.... მაგრამ ამ საკითხზე ღირს უფრო ვრცლად შეჩერება.

სინამდვილეში ურთიერთგაზიარებაზე აქ დეკლარაციული მსჯელობაა (ასეა, მაგალითად, „დასკვნაში“), დამოკიდებულება გარე კულტურულ გარემოსთან ცალმხრივია და წინასწარ განზრახული. ამასთან, გაუგებრობებს და წინააღმდეგობებს აქაც ბლომად ვხვდებით.
აი, ამ თვალსაზრისით, ტოკარსკის რამდენიმე დამახასია¬თებელი გამონათქვამი: „შეცდომა იქნებოდა სომხეთის უძვე¬ლესი არქიტექტურის გაიგივება ურარტუელების არქიტექტუ¬რასთან, რომელთაც ქრისტიანულ ერამდე დიდი ხნით ადრე შექმნეს პირველი სახელმწიფო ამიერკავკასიაში, თუმცა, სავსე¬ბით შესაძლებელია, რომ სომეხმა ხალხმა, რომლის შემად-გებლობაში ძირითად ბირთვთან - სომხებთან ერთად ურარ¬ტუელებიც შევიდნენ, თავის მშენებლობაში რაღაც ზომით იმ ძველი სახელმწიფოს ოსტატთა გამოცდილებაც გამოიყენა, რომლის ტერიტორიაც დაიკავა. ამასთან უნდა აღინიშნოს სომეხ ხუროთმოძღვართა მიერ გაცილებით გვიან აღმართულ ნაგე¬ბობათა მკვეთრი განსხვავება ურარტუელების ნაგებობებისაგან, რომელთა სამშენებლო ტექნიკა უფრო ახლოს არის მესო¬პოტამიის ხალხთან, კერძოდ, ასირიელთა ტექნიკასთან“ (გვ.XIII).... „ნათქვამიდან ცხადია, თუ რამდენად დაშორებულია ერთმანეთს ურარტელებისა და სომხების არქიტექტურული ძეგლები საერთო გადაწყვეტილებით, ტექნიკითა და მოპირ¬კეთებით და რა სიფრთხილით უნდა მივუდგეთ საკითხს მემკვიდ¬რეობითობის შესახებ შეცდომა რომ არ მოგვივიდეს“ (გვ. XVI). მაშასადამე, ძველი ურარტუელი ოსტატების გამოცდილებით სარგებლობა სომეხ ხუროთმოძღვრებს არ შეეძლოთ არც ზოგად გადაწყვეტათა სფეროში, არც ტექნიკაში, არც მოპირკეთებაში. ისმის კითხვა, მაშ, სად შეეძლოთ მათ ამ გამოცდილების გამოყენება?
„ელინიზმს, რომელმაც მნიშვნელოვანი, პროგრესული როლი შეასრულა ქვეყნის ცხოვრების ყველა დარგში, ხელოვ¬ნების ჩათვლით, ხელსაყრელი ნიადაგი გამოეცალა თავისი გავლენის გასავრცელებლად და რომისთვის მოუხდა ადგილის დათმობა. შემდგომ, უკვე ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, არქიტექტურაში შეიძლება შევხვდეთ ოდენ ელინის¬ტური და რომაული ფორმების გამოძახილებს – ვოლუტას კაპიტელზე, ქონგურსა და მოდულიონს ლავგარდანზე, გვარიანად გადა¬მუშავებულ აკანტს. სომეხმა ხუროთმოძ-ღვრებმა მონახეს სა¬კუთარი გზები, საიდანაც არასოდეს გადაუხვევიათ, თუმცა, საუკუნეთა მანძილზე სახიფათო გზაჯვარედინი ცოტა როდი შეხვედრიათ (გვ. 12-13).

ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ტოკარსკის მსჯელობები იმ თემაზე, რომ „სომეხი ხუროთმოძღვრები არ სჯერდებიან ბაზილიკის სამნავიან კამაროვან ეკლესიად – დარბაზად გადამუშავებისას მიღწეულ შედეგებს. ისინი ბრწყინვალედ წყვეტენ გუმბათით დაგვირგვი-ნებული საეკლესიო ნაგებობის შექმნის ამოცანასაც” (გვ. 58). თუმც კი გვიმტკიცებენ: „საინტერესოა, რომ გაცილებით გვიან, XII-XIII საუკუნეებში, როცა გუმბათი საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში უკვე შვიდსაუკუნოვანი ხნისა იყო, არქიტექტორები ბოლო სიახლეს –კარიბჭეს რომ ქმნიან, მიმარ¬თავენ ისევ იმავე სოფლის სახლს: ქვისგან აკეთებენ კოლონებზე დაყუდებულ კარვულ სახურავს სინათლისათვის დატოვე¬ბული ხვრელით. გუმბათოვანი საეკლესიო ნაგებობების განვითარება სომხეთში ორი დამოუკიდებელი მიმართულებით წავიდა” (გვ. 58-59)... და თუმცა, სომხეთში „ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს საწყისი სახის უძველესი გუმბათოვანი ეკლესიები” (გვ. 59), მაინც, როგორც ავტორი ირწმუნება, ეჭვს არ იწვევს, რომ „სომეხმა ხუროთმოძღვრებმა სრულად გაითვალისწინეს ეს გარემოება (ადგილობრივი ბაზილიკის თავისებურებანი – ს.ჯ.) და VII საუკუნის პირველ ნახევარში შექმნეს რამდენიმე მშვენიერი გუმბათოვანი ბაზილიკა” (გვ. 62) და რომ სწორედ ამ VII საუკუნის გუმბათოვან ბაზილიკაში იქმნება ჯვარგუმბა¬თოვანი ტაძრის ფორმა, ესოდენ დამახასიათებელი მომდევნო საუკუნეების ამიერკავკასიის საეკლესიო ხუროთმოძღვრე-ბისათვის” (გვ. 64)... „სომხური ძეგლები, მათ მსგავს ბიზან¬ტიურზე გაცილებით ადრე შექმნლი, დამაჯერებლად მეტყვე¬ლებს იმაზე, რომ ეს ტიპი აქ შემუშავებული იყო ბაზილიკის საფუძველზე” (გვ. 65. იხ. აგრეთვე გვ. 68, 73, 111, 112-113, 118-119 და სხვ.). დასასრულ, ტოკარსკი აცხადებს, თითქოს VII საუკუნის პირველი ნახევრისათვის „უკვე გვეძლევა შესაძ¬ლებლობა ვილაპარაკოთ სავსებით ჩამოყალიბებულ სომხურ კლასიკაზე, რომელსაც, მიუხედავად ბევრი უკუღმართობისა, ემყარება სომეხი ხუროთმოძღვრების ყველა შემდგომი თაობის შემოქმედება” (გვ. 132).

ამრიგად, გამოდის, რომ ყველა ძირითადი არქიტექტუ¬რული ფორმა ადგილობრივ შეიქმნა, აქედან გავრცელდა სხვა ქვეყნებში. აუცილებელი არ არის მსურველთ საკითხის ასე დაყენების უფლება ჩამოვართვათ. მკითხველის მოთხოვნები უბრალოა: იგი მოითხოვს მხოლოდ ფაქტებსა და მტკიცებუ¬ლებებს; ტოკარსკისთან კი როგორაა ფაქტებისა და მტკიცებუ¬ლებების საქმე ამ საკითხთა წრესთან დაკავშირებით?

ყველაზე ცხადად ტოკარსკის მეცნიერულმა მეთოდოლო¬გიამ და საზოგადოებრივმა მიზანდასახულებებმა თავი იჩინა მის მსჯელობებში სომხური არქიტექტურის დამოუკიდე-ბლების შესახებ ქართველი ხალხის, სომეხთა საუკუნეობრივი მეზობლის, არქიტექტუ-რასთან. აქ, რასაკვირველია, კულტურუ¬ლი გაცვლა-გამოცვლის ხსენებაც არ არის, ავტორი არც კი კმაყოფილდება მხოლოდ ცალმხრივი გავლენის მტკიცებით, რაც ზემოთაც შეიძლე-ბოდა შეგვენიშნა, იგი კიდევ უფრო შორს მიდის.

ნუ გავუსწრებთ შეფასებებს წინ, მოთმინებით განვიხილოთ ტოკარსკის წიგნის შესაბამისი ადგილები.

წიგნის „ღერძია” მცდელობა მთელი სამხრეთ საქართველო, მისი მოსახლეობითა და კულტურით, წარმოჩნდეს, როგორც უცხოეროვნული სამყარო. აქ ლაპარაკია მდინარე ჭოროხის აუზში და მდინარე მტკვრის ზემო დინების გაყოლებით მდებარე სამხრეთ საქართველოს პროვინციებზე. საქართვე¬ლოში მონათმფლობელური სახელმწიფოებრიობის დაცემამდე ეს ტერიტორიები აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს სამეფოთა ფარგლებში შედიოდა. საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა მომწიფების პერიოდში ისინი შეადგენდნენ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ ფეოდა¬ლურ წარმონაქმნს, ორი წამყვანი სამთავროს ტაოსა და კლარ¬ჯეთის მიხედვით, ჩვეულებრივ, ტაო-კლარჯეთად წოდებულს (IX-X საუკუნეები). ამ პროვინციების გარდა ტაო-კლარჯეთის სამეფოში შედიოდა და მის ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა სხვა ტერიტო¬რიებიც – აჭარა, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი (არდაგანი, იმ დროს ეს ტერიტორიის სახელი იყო და არა ქალაქისა, რომელმაც ასეთი დასახელება მოგვიანებით მიიღო ტერიტო¬რიისაგან, როგორც მისმა ცენტრმა), კოლა, სპერი და სხვა. ტოკარსკის არც ეეჭვება, რომ საქმე ეხება სწორედ ამ ტერიტორიას. ერთ შემთხვევაში იგი პირდაპირ ლაპარაკობს თავის საგანზე, როგორც „X საუკუნის მეორე ნახევრის ტაო-კლარჯიის (ესე იგი, ტაო-კლარჯეთისა – ს.ჯ.) არქიტექტურაზე, როცა აღიმართა მშვენიერი ნაგებობები ოშკში, იშხანში, ტბეთში” (გვ. 146) (უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს დღეებამდე შემონახული ტბეთის ძეგლი შავშეთის, ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი ყველაზე ჩრდილოეთ რაიონის ტერი¬ტორიაზე იმყოფება – ს.ჯ.). მეორე შემთხვევაში, ტოკარსკისთან ეს მიწები იწოდება „ტერიტორიებად მდინარე ჭოროხის აუზში” (გვ. 200), ყველაზე ხშირად კი ისინი წიგნში სახელდებიან ტაიქ-ად (ტაოს დასახელების სომხური ფორმა), რამაც უნდა შეცვალოს ჩვეულებრივი ტაო-კლარჯეთი. რა მტკიცდება ამ მხარის შესახებ?

ტერიტორია. გვიმტკიცებენ, რომ ეს „დასავლური სომხური ტერიტორიები მდინარე ჭოროხის აუზში, ოდესღაც ცნობილ თავადურ გვართა (რომლების? – ს.ჯ.) სამფლობელო, რომ¬ლებშიც (გვარებში კი არა, ტერიტორიებში – ს.ჯ.) არაბთა შემოსევის დროს ბაგრატიდები აფარებდნენ თავს, X საუკუნის მეორე ნახევარში შედიოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმონაქმნის შემადგენლობაში, რომლის სათავეში იდგა ტაიქის გონიერი, ენერგიული კურაპალატი დავითი” (გვ. 200), რომ ეს – „ოდინდელი სომხური მიწებია” (... „ასეთი ხერხი ცნობილია X საუკუნის მეორე ნახევრის ტაო-კლარჯეთის არქიტექტურაშიც, როცა აღიმართა მშვენიერი ნაგებობები ოშკში, იშხანში, ტბეთში... ბაგრატიდთა სომხეთის კავშირები ამ ოდინდელ სომხურ მიწებთან... საყოველთაოდ ცნობილია” (გვ. 146) – ვკითხულობთ; „ჭოროხის აუზში მდებარე სომხეთის დასავლეთი რაიონები” (გვ. 135); – მეორეგან; “ტაიქის ძველი სომხური ქალკედონიტური ტერიტორიის სოფელ იშხნიდან” (გვ. 95)... მესამეგან; „ნერსესი, ტაიქის ქალკედონიტური სომხური ტერიტორიის მცხოვრები”... (გვ. 46) – მეოთხეგან). მაინც რას ემყარება ეს კატეგორიული მტკიცება? არც არაფერს. ტოკარსკის თავისი თეზისის სასარგებლოდ არც ფაქტები მოჰყავს, არც - მოსაზრებები.

ისე კი, სურვილი რომ ჰქონოდა და ცოტაოდენი ობიექ¬ტურობა გამოეჩინა, იგი შეძლებდა მოცემული მიწების ტე¬რიტორიული კუთვნილების საკითხში გარკვევას. ტოკარსკის თუ არ ნებავს ქართული ცნობებით სარგებლობა, შესაძლებ¬ლობა ჰქონდა ჩაეხედა (რაც სასურველი იქნებოდა) ბერძნულ-რომაულ წყაროებში და ვალდებული იყო (ვბედავთ ამის მტკიცებას) მცირე ყურადღება დაეთმო სომხური ცნობები¬სათვისაც.

ამ ტერიტორიის ნამდვილი მეცნიერული ისტორიის აღდგენა სულაც არ არის ძნელი, თუ დიდად ავტორიტეტული ისტორიული წყაროების ჩვენებებს დავეყრდნობით. ქალდიის სახელმწიფოს (იგულისხმება ურარტუს სახელმწიფო) სამხრეთ, მესოპოტამიურ განაპირა მხარეში რომ შეაღწიეს უკვე VI-V საუკუნეებში ჩვენს ერამდე, სომხურმა ტომებმა მხოლოდ ძველი წელთაღრიცხვის 189 წლის შემდეგ დაიკავეს ისეთი რაიონები, როგორიც დერჯანი და კარინია – ამჟამად ერზერუმის ოლქი (სტრაბონი). ამიერიდან სასაზღვრო ხაზი საქართველოსა და სომხეთს შორის არაქსზე გადის (აპოლოდორი). ტიგრან II დროს, ჩვენს ერამდე I საუკუნის სამოცდაათიან წლებში, სომხეთის საზღვრების შემდგომი გაფართოება ხდება. უნდა ვიფიქროთ, მაშინ იყო დაკავებული პროვინცია სპერი (სტრა¬ბონთან – სისპირიტიდა). ტაო კი კვლავ რჩება საქართველოს ფარგლებში. სომხური ტერიტორიების დაწვრილებით ჩამოთვლისას, სტრაბონი (ახალი ერის I საუკუნის დასაწყისი) არსად არ მოიხსენიებს ტაოს.

ქრისტიანული ერის დასაწყისისათვის საზღვარი სომხეთსა და საქართველოს შორის გადის, როგორც ეს შეიძლება დავინახოთ თანამედროვე წყაროთა შედარებითი – კრიტიკული შესწავლიდან, მტკვარ-არაქსის წყალგამყოფ ქედებზე, ამასთან, ჭოროხის ხეობის შუა ნაწილი საქართველოს საზღვრებში შედის. აქ სტრაბონი საზღვარს ვარაუდობს მოსხურ მთებში, პლინიუსი კი ამტკიცებს, რომ იბერიის ტერიტორია პარიადრის მთებამდე აღწევდა. თუნდაც დავეთანხმოთ ყველა მკვლევარის მიერ გაზიარებულ მოსაზრებას, რომ პარიადრი ამჟამინდელი მთა პარხალია (ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელწოდება პარიადრი განეკუთვნება პარხალიდან სამხრეთ-დასავლეთით, შორს მდებარე მთებს), ამ შემთხვევაშიც, უეჭველად დასტურდება, რომ აღებულ ეპოქაშიც ტაო, რომლის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარს სწორედ მთა პარხალი წარმოადგენდა, შეადგენდა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს ნაწილს.

ჩვენი წელთაღრიცხვის I-III საუკუნეები ქართული სამეფოს მნიშვნელოვანი გაძლიერების პერიოდია3 რომსა და ირანს შორის შეუწყვეტელი ომების ასპარეზად ქცეული სომხეთი კი თანდათან სუსტდება და იფიტება. ეს არის სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ტერიტორიულ სამფლობელოთა ახალი გადანაწილების ჟამი. ჩვენი მტკიცება ეხება, უწინარეს ყოვლისა, I საუკუნის მეორე მესამედს, როცა სომხეთის ტახტზე ქართული სამეფო სახლის წარმომად¬გენლები სხედან. ასევე მნიშვნელოვანია ტაციტის ცნობა, რომ ახალი ერის 58 წელს ქართველი მეფის, ფარსმან I ბრძანებით სომხეთში მესხები შეიჭრნენ4. მაშასადამე, მესხები ამ დროს კვლავ რჩებიან ქართველი მეფის ქვეშევრდომებად. მესხები კი, როგორც ყველასათვის ცნობილია, სწორედ იმ სამხრეთ საქართველოს პროვინციების მცხოვრებთა წოდებაა, რომელიც IX-X საუკუ¬ნეებში შეადგენენ ტაო-კლარჯეთის სამეფოს, ხოლო აქედან გამოდის ის დასკვნაც, რომ მომდევნო ხანის ტაო-კლარჯეთის ტერიტორია ჩვენი ერის I საუკუნის შუა წლებში, ქართული სამეფოს ნაწილს შეადგენდა. არსებობს საფუძველი, აგრეთვე, ვივარაუ¬დოთ, რომ დიონ კასიუსის ცნობა იმპერატორ ადრიანეს დროს საქართველოს ტერიტორიის გაზრდის შესახებ, გული¬სხმობს მისი საზღვრების გაფართოებას სამხრეთის მი¬მართულებით.

VI საუკუნის შუა წლებისთვის კი, სახელგანთქმული ბიზანტიელი ისტორიკოსი ამიერკავკასიის საქმეებში საოცრად ჩახედული მწერალი, პროკოფი კესარიელი, კვლავ ადასტუ¬რებს, რომ მაღალმთიან ქვეყანაში დასახლებული მესხები ძველთაგანვე ქართველი მოქალაქენი არიან.

სამხრეთ საქართველოს ფეოდალური სამთავროს ტაო-კლარჯეთის დაარსებასთან ერთად, მდგომარეობა განსახილ¬ველ რაიონებში მეტ სიცხადესა და გარკვეულობას იძენს. სამთავროს ტერიტორია სულ უფრო და უფრო ფართოვდება სამხრეთისაკენ და ზედიზედ იერთებს ადრე დაკარგულ რაიონებს. 952 წელს ბიზანტიელი იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი (ძოწითშობილი), კავკასიის საქმეებში ისევე საუცხოოდ ინფორმირებული, როგორც პროკოფი, კატეგო¬რიულად ამტკიცებს, რომ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სამეფოები თვით ფეოდოსიოპოლს, ამჟამინდელ ერზერუმს ებჯინებოდა, და რომ საზღვარი საქართველოსა და იმპერიას შორის ამ სექტორში მდინარე არაქსზე გადიოდა. კონსტანტინე წერს: ... „მისი (ქართველი კურაპალატის) თხოვნით (გადაწყდა), რომ ფაზიანის (ქართული ბასიანი, ერზერუმის მომიჯნავე ტერიტორია. – ს.ჯ.) საზღვრად იყოს მდინარე არაქსი, ანუ ფაზისი, და რომ მიწები მარცხნივ, ივერიის (საქართველოს) მხარეს, მიეკუთვნებოდეს ივერიელებს (ქართველებს), მარჯვ¬ნივ კი, ფეოდოსიოპოლის მხარეს, ციხესიმაგრეები და სოფლები – ჩვენს უდიდებულესობას, და რომ მდინარე საზღვრად იყოს ორივე სამფლო¬ბელოს შორის”6. იმავე საუკუნის ბოლოს ტაო-კლარჯეთის სამეფოს მეთაურმა დავით III კურაპალატმა თავის სამფლობელოებს შეუერთა ახალი ვრცელი ტერიტორიები თვით ვანის ტბის ჩრდილოეთ სანაპირომდე და ქალაქ ერზინკამდე (ამჟამად ერზინჯანი). ზედმეტიცაა ვთქვათ, რომ გაერთიანებული ქართული სამეფო კიდევ უფრო მყარად განმტკიცდა ამ ტერიტორიებზე.

რა შეიძლება ამოვკრიფოთ სომხური ცნობებიდან ამ საკი¬თხის გარშემო? ავიღოთ ყველაზე სუბიექტურად შეფერა¬დებული წყარო, ცნობილი „სომხური გეოგრაფია”, რომელსაც ტრადიცია მოვსეს ხორენაცს მიაწერს და, ამდენად, V საუკუნის თხზულებად მიიჩნევს. მკვლევართა ერთი ნაწილი მას VII საუკუნით, მეორე ნაწილი კი IX-ით ათარიღებს. ეს ძეგლი, სომხური ეროვნული ტენდენციით არის განმსჭვალული და, ამიტომაც, ზოგჯერ ჭეშმარიტების წინააღმდეგ შემცოდე, ასე აღწერს საქართველოს „კოლხეთი, ესე იგი ეგერი (ქართულად - ეგრისი, – ს.ჯ.), იმყოფება პონტოს ზღვის აღმოსავლეთით, სარმატიის ახლოს და ივერიისა და დიდი სომხეთის თანამოსაზღვრეა. ეგერი ოთხ პროვინციად იყოფა: მანრილი, ეგრევიკი, ლაზივი, ჭანეთი, ესე იგი ხალდები”. ამრიგად, „გეოგრაფია” კოლხეთს მიაკუთვნებს არა მარტო თანამედროვე დასავლეთ საქართველოს (სამეგრელო, გურია, აჭარა და სხვა), არამედ მთელ ლაზისტანსაც, აგრეთვე ჭანთა, იმავე ხალდთა ტერიტორიას, ესე იგი ოლქებს ტრაპეზუნტიდან დასავლეთითა და სამხრეთით. იქვე ლაპარაკია, რომ ჭოროხი კოლხეთის მდინარეა, თუმცა მისი სათავეები სომხეთში იმყოფება. აღმო¬სავლეთ საქართველოს შესახებ „გეოგრაფია” მოგვითხრობს: „ივერია, ესე იგი საქართველო, ეგერიდან აღმოსავლეთით, კავკასიაში სარმატიასთან მოსაზღვრეობით, გაშლილია მდინარე მტკვრის გაყოლებით ალბანეთის საზღვრებამდე. საქართველოს ტერიტორიები შემდეგია: კლარჯნი, არდაჰანი, შავშეთი, ჯავახნი, სამცხე, აჭარა... მანგლისის ხეობა, ქვეშის ხეობა (ახლანდელი ბაშკიჩეთის, ანუ დმანისის რაიონის ძველი სახელწოდება. – ს.ჯ.), ბოლნისის ხეობა, თრეღი (ესე იგი თრიალეთი – ს.ჯ.), კანგარნი, ტაშირი” და სხვა7. „გეოგრაფიის” ტენდენციურობა მოცემულ შემთხვევაში იმით გამოვლინდა, რომ შემდგომ თხრობაში ზოგიერთი ამ ტერიტორიათაგან მოხსენიებულია უკვე სომხეთის შემადგენლობაში, მაგრამ ამასთან, ყოველ ჯერზე აღნიშნულია, რომ ასეთ და ასეთ ტერიტორიას „ქართველები ფლობენო”. სავსებით ცხადია (და არც შეიძლება სხვაგვარი გაგება), რომ VII-VIII საუკუნეებში ამ პროვინციების ქართულობა საყოველთაოდ იყო ცნობილი საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ამ ფაქტს, არსებულ ისტორიულ პირობებში, ეთნიკური მნიშვნელობაც ჰქონდა: VII-VIII საუკუნეებში საქართველოს დაკარგული აქვს პოლი¬ტიკური ერთიანობა და დამოუკიდებ¬ლობა, ის არაბთა ბატო¬ნობის ქვეშ იმყოფება და „სომხური გეოგრაფიის” გამოთქმა, დასახელებულ პროვინციებს „ქართველები ფლობენო”, უპირატესად იმ აზრით უნდა გვესმოდეს, რომ იქ ქართველი მოსახლეობა ბინადრობს.

ტაოს („ტაიქს”) „სომხური გეოგრაფია” ასახელებს სომხური ტერიტორიების რიცხვში; მაგრამ აი, გაცილებით უფრო მიუკერძოებელი და უკეთ განსწავლული წყარო, VII საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლეონტი (ღევონდი) პირდაპირ ამბობს, რომ კოლა შედის საქართველოს ფარგლებში.8 კოლა კი, მდინარე მტკვრის სათავეების რაიონი, იმავე „სომხური გეოგრაფიის” აღიარებით, პროვინცია ტაოს ნაწილი გახლდათ. იგივე ღე¬ვონდი სხვა ადგილას სამცხეს9 (ქალაქ ახალციხის ტერიტორია) განსაზღვრავს, როგორც ქართული ქვეყნის ტერიტორიას, მოვსეს ხორენაცი10 კი კლარჯეთს საქართველოს ოლქებს მიათვლის და ასე შემდეგ.

ასე რომ, შუა საუკუნეების მოწესის ტენდენცია, რომელიც მისივე ფაქტობრივი მონაცემებით აშკარავდება, ცხადია, ის ტენდენცია გასაგებია, ოღონდ გაუგებარია, როცა ჩვენს დროში და ჩვენს პირობებში არამცთუ არ ძალუძთ, არამედ არც სურთ სწორედ იმავე კლერიკალური კონსტრუქციებისა და წარმოდ¬გენების ტყვეობიდან განთავისუფლება.

მოსახლეობა. ტაო-კლარჯეთის სამეფოს მოსახლეობის შესახებ ტოკარსკი ასეთ ცნობებს აწვდის მკითხველებს: „მოსახლეობის ძირითად მასას შეადგენდნენ სომხები, რომლებიც აქ ქალკედონიანობის ოდინდელი მიმდევრები იყვნენ. მათ... ქართველ ახალმოსახლეთა გვერ¬დი¬გვერდ ცხოვრებისას, რომლებიც IX საუკუნეში გამოჩნდნენ არაბთაგან და ეპიდემი¬ებისაგან გაჩანაგებულ მხარეში, ნელ-ნელა დაიწყეს დენაციონალიზება” (გვ. 200-201). „X საუკუნის მეორე ნახევრის ტაიქის არქიტექტურული სკოლა შეიქმნა იმ პირობებში, როცა სომეხი მოსახლეობის დიდი ჯგუფი, აღნიშნული მიზეზების გამო, საბოლოოდ გამოიყო დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანიზმად. და, თუმცა, ეს ორგანიზმი ძირძველი მოსახ¬ლეობის მომხდარი გაქართველების გამო უკვე მიისწრაფვოდა ჩამოყალიბებული გაერთია¬ნებული ქართული სახელმწიფოს¬კენ, მოსახლეობის ძირითადი მასა, მიუხედავად სარწმუნოებ¬რივი განსხვავებისა, ჯერაც მრავალი ძაფით იყო დაკავში¬რებული თავის თანამემამულეებთან” (გვ. 213); და კიდევ, ტოკარსკი ლაპარაკობს... „ძველ სომხურ ქალკედონიტურ ოლქზე ტაიქზე, რომელმაც ძალიან ნელა დაიწყო გაქართველება აქ IX საუკუნეში ქართველ ახალმოსახლეთა გამოჩენის შემდეგ” (გვ. 95). ამრიგად, ტოკარსკის რომ ჰკითხო, ტაო-კლარჯეთის სამეფოს მოსახლეობის ძირითად და ძირძველ მასას შეადგენდნენ სომხები, რომლებიც X საუკუნის მეორე ნახევარში გამოიყვნენ დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანიზმად მხო¬ლოდ და მხოლოდ რელიგიურ უთანხმოებათა შედეგად: ქალკედონის კრების დადგენილებათა აღიარების საკითხმა საბედისწეროდ გახლიჩა სომხები ორ შეური-გებელ ჯგუფად, რომელთაც არ შეეძლოთ ერთ პოლიტიკურ ჭერქვეშ ერთად ცხოვრება. ამასთან, როგორც ჩვეულებრივ ირკვევა, რომ სომეხთა ტაო-კლარჯეთის ჯგუფი „სარწმუ-ნოებაში განსხვავე¬ბის მიუხედავად, ჯერაც მრავალი ძაფით იყო დაკავშირებული თავის თანამემამულეებთან“.

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები